„მე „ქართული ოცნება“ მასახელებს თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, იმ ადამიანების წინაშე, ვინც ჩემი პოტენციური ამომრჩეველი იქნება და რა თქმა უნდა, ამ რეგიონის ყველა მცხოვრების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკმპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება გურჯაანის მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს, დავით სონღულაშვილს, მან „რეგინფოსთან“ არ უარყო, რომ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქში მისი კანდიდატურის წარდგენას აპირებენ. სონღულაშვილის თქმით, პარტია 30-ვე მაჟორიტარს დღეს, 11:00 საათზე დაასახელებს.
ირაკლი ქადაგიშვილი 2016 წლიდან კახეთის გუბერნატორის თანამდებობას იკავებს, დავით სონღულაშვილი კი პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წლის არჩევნებზე აირჩიეს. სონღულაშვილმა პირველ ტურში საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა – ამომრჩეველთა ხმების 43.91% მან, 32.45% კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა – გიორგი ღვინიაშვილმა მიიღო. მეორე ტურში სონღულაშვილმა ღვინიაშვილზე დაახლოებით 15 ათასით მეტი ხმა მოაგროვა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, კენჭისყრა ოქტომბრის ბოლო შაბათს, უნდა გაიმართოს, რაც 31 ოქტომბერია. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება – საქართველოს მასთაბით 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.