weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ქადაგიშვილი ახმეტაში, თელავში, ყვარელსა და ლაგოდეხში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

10:28 ორშაბათი, 20 ივლისი 2020

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იყრის.

„მე „ქართული ოცნება“ მასახელებს თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, იმ ადამიანების წინაშე, ვინც ჩემი პოტენციური ამომრჩეველი იქნება და რა თქმა უნდა, ამ რეგიონის ყველა მცხოვრების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკმპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

რაც შეეხება გურჯაანის მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს, დავით სონღულაშვილს, მან „რეგინფოსთან“ არ უარყო, რომ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქში მისი კანდიდატურის წარდგენას აპირებენ. სონღულაშვილის თქმით, პარტია 30-ვე მაჟორიტარს დღეს, 11:00 საათზე დაასახელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი 2016 წლიდან კახეთის გუბერნატორის თანამდებობას იკავებს, დავით სონღულაშვილი კი პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წლის არჩევნებზე აირჩიეს. სონღულაშვილმა პირველ ტურში საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა – ამომრჩეველთა ხმების 43.91% მან, 32.45% კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა – გიორგი ღვინიაშვილმა მიიღო. მეორე ტურში სონღულაშვილმა ღვინიაშვილზე დაახლოებით 15 ათასით მეტი ხმა მოაგროვა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, კენჭისყრა ოქტომბრის ბოლო შაბათს, უნდა გაიმართოს, რაც 31 ოქტომბერია. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება – საქართველოს მასთაბით 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]