weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თენგიზ შერგელაშვილი „შენების მოძრაობიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

13:19 პარასკევი, 04 აგვისტო 2017

„შენების მოძრაობიდან“ თბილისის მერობისთვის თენგიზ შერგელაშვილი იბრძოლებს. მისი კანდიდატურა დღეს მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა წარადგინა. უსუფაშვილის განცხადებით, „შენების მოძრაობა“ ფორმირების პროცესში მყოფი გუნდით სერიოზულ სიტყვას იტყვის თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში.

დავით უსუფაშვილის თქმით, თენგიზ შერგელაშვილი თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატია, რადგან აქვს ანალიტიკური, მენეჯერული და პოლიტიკური საქმიანობის ოცწლიანი გამოცდილება.

„თენგიზ შერგელაშვილი არის თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი. იგი არის თვითმმართველობის იმ რეფორმის ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში უკან შეატრიალა. „შენების მოძრაობა“ ხალხს პირდება, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გზას გაუხსნის მაღალი რანგის პროფესიონალებს. ყველა სახელმწიფო თანამდებობაზე სწორედ ასეთ პროფესიონალებს წარადგენს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

თენგიზ შერგელაშვილმა იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისში განახორციელებს.

„ქალაქის ყველა უბანი უნდა იყოს თანაბრად განვითარებული. ყველა უბანში მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იმ სერვისების მიღების საშუალება, რომელიც ქალაქის ცენტრშია. მერია გადადგამს გარკვეულ მასტიმულირებელ ნაბიჯებს, რათა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება დაწყებული კომერციული, სპორტული, კულტურული თუ სხვა ტიპის ობიექტებიდან, რომლებიც მისივე უბანში უნდა იყოს, დასრულებული იმით, რომ შეიქმნას ეკონომიკური აქტიურობის კერები. ეს არის პირველი ამოცანა. მეორე ამოცანაა ის, რომ ეს ქალაქი უნდა იყოს ყველასი - ავტომობილების მფლობელების, ფეხით მოსიარულეების, შშმ პირების, ხანდაზმულების და ბავშვების. დღეს შეუძლებელია ვთქვათ, რომ ეს ქალაქი არის ფეხით მოსიარულეების“, - აღნიშნა თენგიზ შერგელაშვილმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერად მისი არჩევის შემთხვევაში, გამოკვეთილი ამოცანა იქნება, რომ თბილისი საუკეთესო ქალაქების რეიტინგში შევიდეს. მან ასევე ისაუბრა სპეციალური ვებ-გვერდის შექმნის თაობაზე, სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება განათავსონ ინფორმაცია თბილისში არსებულ პრობლემებზე და თვალი ადევნონ მათი გადაჭრის პროცესს.

თენგიზ შერგელაშვილი 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. 2012-2014 წლებში იკავებდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2012 წლიდან იყო „ქართული ოცნების“ პროგრამის შემუშავების სარედაქციო ჯგუფის წევრი. 2006 წლიდან ის „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში“ იყო გაერთიანებული.

დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის: კახა კალაძე („ქართული ოცნება“), ელენე ხოშტარია („მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“), ზაალ უდუმაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), თენგიზ შერგელაშვილი („შენების მოძრაობა“) და ალეკო ელისაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]