weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს

10:43 შაბათი, 25 ივლისი 2020

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობას ე.წ. ადმინისტრაციის ახალი უფროსი კონსტანტინ ფილია წარუდგინა და განაცხადა, რომ გალი ყურადღების გარეშე არ დარჩება.

ბჟანიას თქმით, კონსტანტინ ფილია მრავალი წელი სოხუმის საქალაქო საბჭოს ხელმძღვანელობდა.

„არის გარკვეული დავალებები, რომლებიც მან მიიღო. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ამ რაიონში უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი, სრულად იყოს დაცული რაიონის მცხოვრებლების უფლებები. გალის რაიონი აფხაზეთის რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ჩვენს რაიონს. ყველა, ვინც აქ მუშაობს და წარმოადგენს ხელისუფლებას, ვალდებულია საქმე კეთილსინდისიერად გააკეთოს. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც უნდა ვემსახუროთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. თქვენ ამისთვის აგვირჩიეთ“, - მიმართა ბჟანიამ გალის მცხოვრებლებს.

მისივე თქმით, მალე გალის რაიონში გაიხსნება „აფხაზეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი მისაღები“.

„გექნებათ შესაძლებლობა თქვენი კითხვებით, წინადადებებითა და საჩივრებით პირდაპირ მომმართოთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი რაიონი სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩება“,
- განაცხადა ბჟანიამ.

რაც შეეხება კონსტანტინ ფილიას, დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მან ხაზი გაუსვა გალის რაიონის მცხოვრებლების და სტუდენტური ახალგაზრდობის ინტეგრაციის საკითხის აქტუალობას, მათი განვითარების პრესპექტივებს.

„ვაპირებ, რომ ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო“, - განაცხადა ფილიამ.

გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან თემურ ნადარაია 2019 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, 2020 წლის 21 ივლისამდე, მის ადგილზე ომარ ბგანბა მუშაობდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გალის რაიონში 30 259 ადამიანი ცხოვრობდა.

2017 წლიდან, დე ფაქტო ადმინისტრაციამ ძველი აფხაზური პასპორტების ხმარებიდან ამოღების, ხოლო ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. ბინადრობის მოწმობა გალის მცხოვრებლებს, ეთნიკურად ქართველებს უცხოელის სტატუსს ანიჭებს და ხუთი წლის ვადით გაიცემა. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ეს დოკუმენტი გალელებზე დამატებით ზეწოლის მექანიზმად შეიძლება გამოიყენონ.

„ის ასევე არ ანიჭებს ამ დოკუმენტის მქონე პირს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, ამავდროულად, გალელებისათვის ეს დოკუმენტი საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, შესაბამისად ადგილობრივი მცხოვრებლები იძულებული ხდებიან, ეს დოკუმენტი აიღონ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

2017-2018 წლებში ბინადრობის მოწმობის მისაღებად სულ 10 332 განაცხადი გაკეთდა და 4528 მოწმობა გაიცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]