ზურაბიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე განმარტების გაკეთებას არ აპირებს.
„ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში ვერსად ვერ ვხედავ ჩემს თავს და ჩემს ადგილს.
შეგნებულად არ ვხმარობ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა „პოლიტიკიდან წასვლა“, რადგან მართალია აღარ ვარ დღეიდან პრაქტიკოსი პოლიტიკოსი, არ ვაპირებ არცერთ სხვა პარტიაში გადასვლას და არც კენჭისყრას ამ არჩევნებში, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ყოფა ისეთია, რომ პოლიტიკიდან ვერსად წახვალ და ვერ გაიქცევი. უბრალოდ ამიერიდან მე წარმოვადგენ მხოლოდ ჩემს თავს და არავის სხვას. ვერ ვიტყვი, რომ პარტიაში რამე შეზღუდვა მქონდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, მაგრამ რა თავისუფალი ატმოსფეროც უნდა იყოს, პარტიის წევრობა მაინც გარკვეულ გუნდურ ვალდებულებებს გაკისრებს.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვრჩები ოპოზიციონერად და ხელისუფლების ოპონენტად. მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არა აქვს წინსვლის და განვითარების პერსპექტივა და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროდასავლური კოალიციური ხელისუფლებით.
ამის თაობაზე და საერთოდ მიმდინარე პროცესებზე ვაპირებ ინდივიდუალურ რეჟიმში გამოვთქვა და დავწერო ხოლმე ჩემი სუბიექტური მოსაზრებები, როგორც დამკვირვებელმა და ანალიტიკოსმა“, - წერს დავით ზურაბიშვილი, რომელიც 2007 წლიდან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო.
2004-2008 წლებში დავით ზურაბიშვილი საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბლოკიდან ის თბილისის საკრებულოში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად ოთხი წლის ვადით აირჩიეს.