weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარნეულის მაჟორიტარად ზაურ დარგალის კანდიდატურის წარდგენას მეუფე გიორგი ეწინააღმდეგება

22:35 ორშაბათი, 27 ივლისი 2020

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, ზაურ დარგალის წარდგენის წინააღმდეგია. ეპისკოპოსმა სათემო რადიო „მარნეულთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარგალის კანდიდატურა გაწვეული უნდა იქნეს.

„ზაურ დარგალმა ჩადინა დანაშაული, პირდაპირ ვიძახი. რა თქმა უნდა, ის უნდა იქნეს გაწვეული კანდიდატურიდან“, - განაცხადა მეუფე გიორგიმ დღეს, 27 ივლისს, რადიოსთან სატელეფონო ინტერვიუში.

ეპისკოპოსმა ზაურ დარგალის კანდიდატურის წარდგენის გამო ხელისუფლება გუშინ, საკვირაო ქადაგების დროს გააკრიტიკა.

„პიროვნებამ, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, პიროვნებამ რომელმაც ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი სინდისი და ღირსება შელახა, ასეთი კაცი ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ, მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. თითქოს ეს დამნაშავე ადამიანი უნდა იყოს სახე და მან უნდა დაიცვას მარნეულელების უფლებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მან რა უფლებები უნდა დაიცვას? მან შელახა ჩვენი უფლებები, შეურაცხჰყო ჩვენი ეროვნული ღირსება“, - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ზაურ დარგალს გვერდში დაუდგება, დანაშაულის თანამონაწილე იქნება.

„ყველას ვეუბნები ესეთ სიტყვას: ვინც ზაურ დარგალს დაუდგება გვერდში, ირიბად თუ პირდაპირ, მიიღებს მონაწილეობას იმისთვის, რომ მას უფრო მეტი უფლებები მიენიჭოს, ღვთის წინაშე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის იქნება თანამონაწილე იმ დანაშაულისა, ის მსახელმწიფოებრივი სინდისის ღალატისა, რაც მან ჩაიდინა - მე ესეთ ადამიანებზე ვიხსნი პასუხისმგებლობას.

დაე, მათ ღვთისა და ჩვენი წინაპრების სულების წინაშე ეგოთ პასუხი. მე, როგორც მწყემსი ამ ეპარქიისა, მღვდელთმთავარი ამ ეპარქიისა, ვიხსნი მათზე პასუხისმგებლობას. ესაა ჩემი პასუხი უპასუხისმგებლო ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაამცრო ჩვენი ეროვნული ღირსება მარნეულში, რომელმაც დაამცრო მღვდელთმთავარი მართლმდიდებლური ეკლესიისა“, - განაცხადა ეპისკოპოსმა მრევლის წინაშე.

მეუფე გიორგი ზაურ დარგალს ღიად ორი თვის წინ, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის გამო დაუპირისპირდა. მან ძეგლის რეაბილიტაციის შესახებ მერის გადაწყვეტილებას უსინდისობა უწოდა და მისი დემონატჟისთვის „გონივრული ვადა“ მისცა. თითქმის ორი თვის შემდეგ, 16 ივლისს, მარნეულის ცენტრში გამართულ აქციაზე გამოსვლისას მეუფე გიორგიმ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნარიმანოვის ძეგლის აღების საკითხი განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუფის თქმით, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

20 ივლისს, ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]