weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ქარელის მერის მიერ მოქალაქეების გინების ფაქტზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო

11:55 პარასკევი, 31 ივლისი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის მიერ წვრილმანი ხულიგნობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება მიმდინარე წლის 29 მაისს, ქარელის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც გულიაშვილმა მოქალაქეებს აგინა.

საკრებულოს სხდომაზე რუისელების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროსთვის სოფელში მდებარე 12 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემას აპროტესტებდა, რასაც ზაზა გულიაშვილის გაღიზიანება და გინება მოჰყვა. მერის მიმართ მოკვლევის დაწყების მოთხვნით პირველ ივნისს, შსს-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა მიმართა, რომელიც სადაო მიწის ნაკვეთის საქმეზე სოფელ რუისის მცხოვრებთა ინტერესებს იცავს.

მერებაშვილისთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ საქმისწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებული გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს.

„რამდენიმე წერილი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან ეს ერთი აბზაცი გამოეგზავნათ. როდის დაიწყო მოკვლევა არ არის მითითებული.

ვითხოვთ, რომ დროულად მოხდეს საქმის ბოლომდე მიყვანა იმიტომ, რომ სახეზეა ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ ქარელის მერი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიეცეს და დაეკისროს შესაბამისი ჯარიმა მის მიერ ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობისთვის“, - უთხრა ალექსი მერებაშვილმა „რეგინფოს“.

მისივე თქმით, წესით, მერის ამგვარი საქციელი საკრებულოს მხრიდან მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველიც უნდა გახდეს.

„რეგინფოს“ ქარელის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ ზაზა გულიაშვილი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს. 29 მაისის ინციდენტის შემდეგ გულიაშვილმა ადგილობრივი ტელევიზის ეთერში თქვა: „ჩვეულებრივი ადამიანია მერი. შეიძლება ცოტა მეტიც მომივიდა, მაგრამ ის პიროვნებები, რომელთა მისამართითაც ეს სიტყვები იყო, უფრო მეტს იმსახურებენ. შეიძლება, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, ვინც ეს მოისმინა“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]