weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

როგორ გადასცა თბილისის მერიამ ვანო ჩხარტიშვილის შვილს 5 მიწის ნაკვეთი

18:36 პარასკევი, 04 აგვისტო 2017

თბილისის მერიამ 5 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის ფორმით, 49-წლიანი იჯარით გადასცა შპს „კაზ ფროფერტი მენეჯმენტ ისთს“, ერთი თვის შემდეგ კი ამ კომპანიის 100% წილი შეიძინა ყოფილი პარლამენტარის ვანო ჩარტიშვილის შვილის - მიხეილ ჩხარტიშვილის კუთვნილი „სმარტ კაპიტალ ჯორჯიას“ შვილობილმა კომპანიამ.

თბილისის მთავრობის 2017 წლის 24 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რასაც შემდეგში ქალაქის საკრებულოც დაეთანხმა, შპს „კაზ ფროფერტი მენეჯმენტ ისთს“ ხუთი ერთეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 7 257 კვ.მ-ია, პირდაპირი განკარგვის წესით, 49-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა. ხუთივე ნაკვეთზე იჯარის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 1 ივნისს განხორციელდა.

თავდაპირველად, გადაწყვეტილება 4 მიწის ნაკვეთის კომპანიისათვის იჯარით გადაცემის შესახებ თბილისის მთავრობამ 2017 წლის 11 იანვარს მიიღო, თუმცა მაშინ მას პრაქტიკული განხორციელება არ მოჰყოლია. დაახლოებით 5 თვის შემდეგ მთავრობის განკარგულებაში ცვლილება იქნა შეტანილი და გასაიჯარებელი ქონების ნუსხას კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი დაემატა.

საბოლოოდ, „კაზ ფროფერტი მენეჯმენტ ისთმა“, რომელიც 2016 წლის 27 სექტემბერს არის დაფუძნებული, აუქციონის გარეშე 49 წლის ვადით მიიღო შემდეგი მიწის ნაკვეთები:

  • ნუციბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ 2173 კვ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 01.10.11.001.168); 
  • საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩაზე მდებარე 1817 კვ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 01.19.20.001.108);
  • დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრზე მდებარე 1367 კვ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 01.72.14.007.615);
  • წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე 1000 კვ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 01.17.01.050.017);
  • კახეთის გზატკეცილსა და შერვაშიძის ქუჩას შორის მდებარე 900 კვ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 01.17.08.075.025).

აღნიშნული მიწის ნაკვეთების გადაცემიდან ერთი თვის შემდეგ, 2017 წლის 5 ივლისს, შპს „კაზ ფროფერტი მენეჯმენტ ისთის“ კაპიტალის 100 % წილი, რომლის მესაკუთრეც მანამდე ლევან სკამკოჩაიშვილი იყო, სულ რაღაც 200 ლარის საფასურად შეიძინა შპს „სმარტ ენერჯიმ“, რომელიც, თავის მხრივ, შპს „სმარტ კაპიტალ ჯორჯიას“ (ს/კ - 404444703) შვილობილი კომპანიაა. „სმარტ კაპიტალ ჯორჯიას“ დირექტორი და ერთპიროვნული მფლობელი კი არის მიხეილ ჩხარტიშვილი, - ცნობილი ბიზნესმენის, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრის - ივანე ჩხარტიშვილის შვილი.

მიხეილ ჩხარტიშვილი საქართველოში რეგისტრირებული არაერთი სხვა კომპანიის დირექტორი და მეწილეცაა. გარდა ამისა, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ „პანამური დოკუმენტებში“ არსებული ინფორმაციით, იგი ასევე არის ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების TECHNOS DEVELOPMENT INC-ისა და GROBЕR COМMЕRCIAL CORP-ის დირექტორი.

 

მსგავს თემაზე:

ვინ დგას სოფელ შილდაში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტის უკან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]