weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

15:56 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა. ეს თანამდებობა ვაკანტური ივნისიდან იყო მას შემდეგ, რაც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

თეა ახვლედიანი 2019 წლის 14 ივნისიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2014-2019 წლებში კი ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

„უდაოდ დიდი პატივია მოცემული შესაძლებლობა, განვაგრძო ჩემი პროფესიული საქმიანობა ამჯერად შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებით და შევძლო წვლილის შეტანა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტის განხორციელების საქმეში, შევუერთდე საქართველოს ხელისუფლების და ხალხის ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ქართული, ოსური და აფხაზური საზოგადოებების შერიგებისკენ, ისევე როგორც თანასწორობის პრინციპით მთლიანად ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციისკენ“, – განაცხადა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თეა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან, თანმიმდევრულ, პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი საყრდენი და პრიორიტეტი არის ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება, ასევე იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან მოუგვარებელი კონფლიქტით გამოწვეული შედეგების სიმძიმეს.

„ამ თვალსაზრისით გასული წლების განმავლობაში უდიდესი ძალისხმევა განხორციელდა, გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი, მათ შორის უპრეცედენტო ნაბიჯები. მსურს გამოვყო ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ნამდვილად ხმამაღალი და ღია განცხადია, საქართველოს მთავრობის და

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი და ჩვენ ვართ დაინტერესებული მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით და პირდაპირი კონტაქტების დამყარებით.

რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში წამოწყებული ინიციატივები უდაოდ გაგრძელდება. ჩვენი მიზანი კი იქნება გავაძლიეროთ ძალისხმევა, განვაგრძოთ მუშაობა შემდგომ უფრო მეტად ქმედით, შედეგზე ორიენტირებულ და ოპტიმალურ გზებზე, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის აღსადგენად“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების საკითხს, თეა ახვლედიანის თქმით, მთავრობას ამ მიმართულებითაც გარკვეული მიღწევები აქვს, მაგრამ წინ არაერთი გამოწვევაა, იქნება ეს სახელმწიფო ენის შესწავლის თუ სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით.

„დღესდღეობით ჩვენ ქვეყანაში კანონი თანაბარ უფლებას ანიჭებს ყველა მოქალაქეს, იცავს მათ იდენტობას და აუცილებლად განვაგრძობთ ამ კუთხით ჩვენს ინტენსიურ ძალისხმევას, რომ გავზარდოთ ჩართულობა და სამოქალაქო ინტეგრაცია და ერთიანი საზოგადოების კონსოლიდაცია. ამ პროცესში აქტიურად გამოვიყენებ დიპლომატიურ ასპარეზზე ჩემს მიერ დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]