პრეზიდენტის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთს რელიგიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს და შესაძლებელია, ეს რეგიონი მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს.
„მინდოდა ელჩს ენახა სამცხე -ჯავახეთის ეს არაჩვეულებრივი მხარე და ეს სასწაული ადგილები, რადგან არ იყო ნამყოფი და მისთვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სამცხე-ჯავახეთი ის მხარეა, სადაც კარგად ჩანს ქართული ტოლერანტობა.
სამცხე-ჯავახეთი ასევე, უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი ადგილი. ეს არის გზა, საიდანაც საქართველოში წმინდა ნინო შემოვიდა. ეს მსოფლიო მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გახდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი ფოკას დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ.
„მართლაც ამაღელვებელია წმინდა ნინოს ისტორია, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში სწორედ ამ ადგილიდან შემოიტანა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება რელიგიური სიწმინდეების მომლოცველთათვის, რომლებიც ისეთი წმინდანების ნაკვალევს მიჰყვებიან, როგორიც წმინდა ნინოა. საერთო ჯამში, ეს იყო ლამაზი დღე და ჩემი შანსი, მენახა საქართველოს შემოგარენი, ისეთი ადგილები, სადაც მე ჯერ არ ვყოფილვარ. სავარაუდოდ, როგორც კი შევძლებ, კიდევ დავბრუნდები. ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ“, - ციტირებს ამერიკის ელჩის განცხადებას პრეზიდენტის პრეს-სამსახური.