weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

გალის რაიონის მცხოვრებთათვის ბინადრობის ნებართვა შეურაცხმყოფელია – სერგეი შამბა

10:34 სამშაბათი, 11 აგვისტო 2020

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს ახლად დანიშნულმა მდივანმა, ოფილმა საგარეო საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გალის რაიონის მცხოვრებლების პასპორტიზაციის და ასევე, საქართველოსთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით გამოცემა „ეხო კავკაზასთან“ ისაუბრა.  

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ უნდა გადაწყვიტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ გალის რაიონის მცხოვრებთა საკითხი, მაშინ, როდესაც მათ ჯერ აფხაზური პასპორტები ააღებინეს, შემდეგ კი ჩამოართვეს, შამბამ უპასუხა:

„მარტივი სიტუაცია არ არის. მესმის გალის რაიონის მცხოვრებლებზე აფხაზური პასპორტის გაცემასთან დაკავშირებით დამოკიდებულება, რადგან ეს ეფუძნებოდა იმას, რომ ამ ხალხს საქართველოს მოქალაქეობა აქვს, ჩვენთან კი საქართველოსთან ორმაგი მოქალაქეობა გათვალისწინებული არ არის. რუსეთთან ჯერჯერობით ისევ არ გვაქვს ხელმოწერილი შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, თუმცა გარკვეული შეთანხმებები მაინც გვაქვს და სხვა ურთიერთდამოკიდებულებაცაა, ხოლო საქართველოსთან არაფერი გვაქვს.

ამასთან, მგონია, რომ ჩვენ ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ვკრათ, იმიტომ, რომ დიდწილად ისინი აფხაზეთის ერთ-ერთი რაიონის - სამურზაყანოს, ახლანდელი გალის რაიონის ძირძველი მცხოვრებლები არიან და ჩვენ როგორღაც უნდა გადავწყვიტოთ მათი აფხაზეთის მოქალაქეობის საკითხი. 
დღეს მათ აქვთ ბინადრობის ნებართვის უფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მათთვის შეურაცხმყოფელია, რადგან მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ბევრი მათგანი ოდესღაც აფხაზი იყო.

მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ამას ჩავეძიოთ, რადგან თუ დავიწყებთ ჩაძიებას, თუ ვინ იყვნენ მათი წინაპრები, აქედან კარგს ვერაფერს მივიღებთ და ვერასოდეს გავერკვევით ამ საკითხში.

რასობრივი მიდგომა ზოგადად მიუღებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში და მით უმეტეს, ჩვენთან, სადაც ასეთი შერეული მოსახლეობაა, ასეთი საუბარი, ასეთი თემა საერთოდ არ უნდა იყოს. მგონია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავარკვიოთ აფხაზეთში მათი მოქალაქეობის საკითხი“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

კითხვაზე, რა საფრთხეებს ხედავს დღეს, სერგეი შამბამ უპასუხა, რომ ბევრი წლის განმავლობაში აფხაზეთისთვის მთავარი საფრთხე საქართველოდან გამომდინარეობდა, თუმცა ახლა არსებული საფთხეები - დაკავშირებული აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებასთან,  შიადაპოლიტიკურ სიბრტყეზე დევს.

„დღემდე ჟენევაში ვცდილობთ შევთანხმდეთ მშვიდობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე, მაგრამ ეს არ ხდება მრავალი წლის განმავლობაში იმიტომ, რომ ქართული მხარე მიიჩნევს, ეს საერთაშორისო შეთანხმება იქნება  და შესაბამისად, გარკვეულწილად იქნება მოლაპარაკების პროცესში აფხაზეთის, როგორც სრულფასოვანი პარტნიორის, აღიარება.

უნდა ვთქვა, რომ 1997 წელს, როდესაც ვლადისლავ არძინბა, ევგენი პრიმაკოვის ინიციატივით თბილისში ჩავიდა, ამ დელეგაციაში მეც ვიყავი, მაშინ თბილისთან ხელი მოეწერა მემორანდუმს იმის თაობაზე, რომ მხარეები უარს ამბობენ ძალის გამოყენებაზე და ძალის გამოყენების მუქარაზეც კი. ასე რომ ასეთი დოკუმენტი, რომელიც ორი პრეზიდენტის შევარდნაძისა და არძინბას მიერ არის ხელმოწერილი, არსებობს. ეს პირველი. მეორე -

2008 წლის მოვლენების და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, რუსეთთან შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ ახლა რუსეთთან სტრატეგიული კავშირი გვაქვს და ეს გვაძლევს უსაფრთხოების კარგ გარანტიებს, ამიტომ საქართველოს მხრიდან საფრთხეები აღარ არის ისეთი აქტუალური როგორიც ომის შემდგომ მრავალი წლის განმავლობაში იყო“, – განაცხადა შამბამ.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, მუდმივად მტრობაში ცხოვრება შეუძლებელია და მაგალითი ევროპის სახელმწიფოებისგან უნდა აიღონ.

„დიახ იყო ომი, მაგრამ ჩვენს ისტორიაში იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა საქართველოს მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე ინტერვენციას, იყო აფხაზეთის მხრიდან საქართველოში ინტერვენციაც – ყველაფერი იყო ჩვენს ისტორიაში. ეს მხოლოდ აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთდამოკიდებულების ისტორია არაა, ასე ხდება მთელს მსოფლიოში. შეხედეთ იგივე ევპროპას, უკვე არაეთხელ მისაუბრია ამაზე და მომიყვანია მაგალითი, რომ ყველა ქვეყანა ერთმანეთს ებრძოდა, სისხლიანი ომები იყო, მაგრამ ახლა ისინი მეგობრულად ცხოვრობენ და მშვენივრად ვითარდებიან. ამიტომ მუდმივად მტრობაში ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენი იტორიის დავიწყება ჩვენ არ შეგვიძლია - ომი... ჩვენ კარგად ვიცით, ვინ იყო ამაში დამნაშავე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს გვერდი უკვე გადაფურცლილია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს შვილებზე. ჩვენ არ შეგვიძლია ახალგაზრდა თაობა სიძულვილში აღვზარდოთ, ეს არ შეიძლება გაკეთდეს, ეს ანგრევს ახალგაზრდების სულს. ამ ყველაფერმა ჩაიარა, ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მეგობრული ურთიერთობები“, – აცხადებს სერგეი შამბა.

დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გალის რაიონში 30 259 ადამიანი ცხოვრობდა.

2017 წლიდან, დე ფაქტო ადმინისტრაციამ ძველი აფხაზური პასპორტების ხმარებიდან ამოღების, ხოლო ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. ბინადრობის მოწმობა გალის მცხოვრებლებს, ეთნიკურად ქართველებს უცხოელის სტატუსს ანიჭებს და ხუთი წლის ვადით გაიცემა. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ეს დოკუმენტი გალელებზე დამატებით ზეწოლის მექანიზმად შეიძლება გამოიყენონ.

„ის ასევე არ ანიჭებს ამ დოკუმენტის მქონე პირს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, ამავდროულად, გალელებისათვის ეს დოკუმენტი საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, შესაბამისად ადგილობრივი მცხოვრებლები იძულებული ხდებიან, ეს დოკუმენტი აიღონ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

2017-2018 წლებში ბინადრობის მოწმობის მისაღებად სულ 10 332 განაცხადი გაკეთდა და 4528 მოწმობა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]