weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება – განათლების მინისტრი

10:19 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020

„მინდა დიდი სიხარულით მოგახსენოთ, რომ სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იწყება აქტიური აკადემიური ცხოვრება - უნივერსიტეტი მიიღებს პირველ სტუდენტებს და ყველანი მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც გაიხსნება უნივერსიტეტი“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, უნივერსიტეტი წელს სტუდენტებს სამი მიმართულებით მიიღებს, ესენია – მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი.

„ყოველწლიურად ამ სპეციალობებს დაემატება სხვა სპეციალობებიც. აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე და ეს ტრადიცია გაგრძელდება – ყველა შემდგომი აკადემიური პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე“, – აცხადებს განათლების მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტში ლექციებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ რეჟიმის გამოყენებით. სტუდენტები ინგლისურ ენაზე ისწავლიან.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია. განათლების სამინისტროს ცნობით, 2020-2021 სასწავლო წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილით 1000-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული.

„მინდა გითხრათ კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულების შესახებ, რომელიც უნივერსიტეტში იქნება – ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს.

ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსებული იქნება ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, ხოლო მეორე – ონკოლოგიის მიმართულებით კვლევას.

ეს იქნება უნიკალური ცენტრი. ამ ციკლოტრონების აწყობა უკვე მიმდინარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში IBA. ეს პროექტი არის 40 მილიონი ევროს ღირებულების და მთლიანად დაფინანსებულია „ქართუ“ ფონდის მიერ. აქ სიმსივნის მკურნალობის პარალელურად იქნება ძალიან მაღალი რანგის სამეცნიერო-კვლევითი პროცესი როგორც მედიცინაში, ასევე ბირთვულ ფიზიკასა და სამედიცინო ფიზიკაში. ამ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები უხელმძღვანელებენ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია და მის მიერ გაწეული ქველმოქმედება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.

განათელბის სამინისტროს ცნობით, 153 ჰექტარზე გაშენებულ უნივერსიტეტს ულტრათანამედროვე აკადემიური კორპუსები, ბიბლიოთეკები, კაფეტერიები, კეთილმოწყობილი სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, საერთო სამუშაო სივრცეები და სტუდენტურ საცხოვრებლები აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]