weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აჭარაში მაგ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ – რიჟვაძე TI-ის კვლევაზე

17:50 პარასკევი, 14 აგვისტო 2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უნდობლობას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (Transparency International) ბოლო კვლევას, რომელიც აჭარის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის ქონების გასხვისებას ეხება. ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს თორნიკე რიჟვაძემ ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას კანტორა“ უწოდა.

„ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ აქ გახნილი და ოფის-მენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ? ალბათ მაგათზე მეკითხებით ხომ?“, - იკითხა რიჟვაძემ, ხოლო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო“ საკმაოდ წონადი არასამთავრობო ორგანიზაციაა, დაატამატა:

„ეს თქვენი შეფასებაა თუ მეგობრული დამოკიდებულება? ხოდა, მე გეტყვით ზუსტად, რომ აჭარაში მაგ დასკვნებს აკეთებენ ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები. ოფის მენეჯერები შედიან იურიდიულ, ეკონომიკურ საკითხებში, რომლის აბსოლუტურ წარმოდგენებში არ არიან.

რაც შეეხება TCF Georgia-ს, რაც შეეხება მეორე დასახელებულ კონკრეტულ პროექტს, შეგიძლიათ გამოითხოვოთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ის დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არც ერთ კომპანიასთან მიმართებაში არ ყოფილა. ჩვენ ყველა ერთიანად, საჯარო ინტერესის დაცვით, მათ შორის, ბიზნესს ვეხმარებით, მაგრამ როცა სანქცირებაა საჭირო, არც ამისგან ვიკავებთ თავს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

კვლევის თანახმად, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის შემთხვევები – გასულ წელს ამ ფორმით სულ 3 ობიექტი გასხვისდა. საპრივატიზებო საფასურის ჯამური მოცულობა 7 660 265 ლარია, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა – 255 000 000 ლარი.

„პირდაპირი მიყიდვის ფორმით ყველაზე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები (180 ჰექტარი) შპს „გრინ რეზორტმა“ ქობულეთში შეიძინა. ცენტრალური და ავტონომიური მთავრობა აცხადებდა, რომ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის – „მწვანე ქალაქის“ ასაშენებლად კომპანია 500 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა, ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 250 000 000 ლარია.

2019 წელს შემცირდა პირობიანი აუქციონების რაოდენობაც – ამ ფორმით ქონება სულ 6-ჯერ გასხვისდა (2017-2018 წლებში ასეთი ფორმით 37 ობიექტი გასხვისდა). საპრივატიზებო საფასურის ჯამი 995 700 ლარია, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა – 2 800 000 ლარი“, – ვკითულობთ კველვაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 4 იურიდიული პირიდან, რომელმაც ქონება პირობიანი აუქციონის ფორმით შეიძინა, 3 რეგისტრირებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე („აიბამბუ“, „საქართველო“ და „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანი“).

ამასთან, ირკვევა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კვლავ არ გადახედა ხელშეკრულებას TCF Georgia-სთან, რომელიც ქობულეთში ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ამუშავებასთან და 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა.

„შედეგად, კომპანიის მიერ 1 ლარად მიღებული ქონება (23 344 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 6 შენობა) 2019 წელს კომპანიის იპოთეკარის, სს „ბანკი ქართუს“ საკუთრება გახდა“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის კიდევ ერთი მიგნება ის, რომ ბათუმის და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატების, ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის ააიპ „თანალმობამ“ 2016 წელს აჭარის მთავრობისგან უზურფუქტით მიიღო უძრავი ქონება ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გასახსნელად, თუმცა მაჟორიტარებმა 2019 წელსაც ვერ გახსნეს ცენტრი და აჭარის მთავრობას ვალდებულებების გადავადების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აჭარის მთავრობას მოუწოდებს:

- ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს, რათა გაიზარდოს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხი და აუქციონებში გაიმარჯვონ შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებმა;

- შექმნას ყველა ინვესტორისთვის თანაბარი პირობები, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას და თავიდან აიცილებს ისეთ ვითარებას, როგორიც შეიქმნა TFC Georgia-ს მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამის თაობაზე 2017 წელსაც აძლევდა სათანადო რეკომენდაციას აჭარის მთავრობას;

- საჯარო ინფორმაციის გაცემის დროს იხელმძღვანელოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით და გაასაჯაროვოს 26 იურიდულ პირთან შეცვლილი პირობებით განახლებული ხელშეკრულებები;

- მკაცრად დაიცვას ქონების განკარგვის ხელშეკრულების პირობები და იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი არღვევს პირობებს და არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დაიბრუნოს უზურფუქტის წესით ან სხვა ფორმით გადაცემული ქონება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მსგავსი კვლევები 2019, 2018 და 2017 წლებშიც გამოაქვეყნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]