weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დესტრუქციული ძალის პოლიტიკური ველიდან გაყვანა ეროვნული ამოცანა უნდა გახდეს – ღარიბაშვილი

13:30 შაბათი, 15 აგვისტო 2020

„როცა დავდგებით საარჩევნო ყუთის წინ, ყველაფერი უნდა გვახსოვდეს. არჩევანი დგას ქაოსს, დესტაბილიზაციას, ომსა და მეორეს მხრივ - მშვიდობას, სტაბილურობასა და თავისუფლებას შორის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის დროს.

ღარიბაშვილმა ძირითადად 2008 წლის აგვისტოს ომსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ოპონენტებს „დანაშაულს“ მანამდე შეახსენებენ, ვიდრე ისინი თითოეული მოქალაქის წინაშე ბოდიშს არ მოიხდიან.

„2012 წელს ჩვენ ვიდექით კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე. 2008 წელს, წინა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა დიდი განსაცდელი და უბედურება, როგორიც არის ომი, რომელიც ჩვენ უკვე გამოვცადეთ მანამდე. შედეგად ჩვენ მივიღეთ 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი. მინდა კიდევ ერთხელ შევასხენო ჩვენს დესტრუქციულ ოპონენტებს - ახალგორი, კოდორი, ათი ათასობით დევნილი მოსახლეობა, რომელიც დღეს გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს და ისინი ვერ ბრუნდებიან თავიანთ სახლებში. ეს არის მწარე გაკვეთილი და გამოცდილება, რომელიც ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს. ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ, რატომ ვიხსენებთ წარსულს. ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ მათ ამ შეცდომას კი არა, დანაშაულს მანამ, სანამ ეს ადამიანები არ მოიხდიან ბოდიშს თითოეული ქართველის წინაშე და არა თუ ექნებათ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის სურვილი. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადოთ, რომ

ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა უნდა გახდეს ყველა, ნებისმიერი, სახელების გარეშე, დესტრუქციული ოპოზიციის თუ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ველიდან გაყვანა. სხვა შემთხვევაში, მეგობრებო, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება თავისუფლება, არ იქნება სტაბილურობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა გურჯაანში გამართულ შეხვედრაზეც გაიმეორა, რომ ბიძინა ივანიშვილის 8-წლიანი მმართველობა ის უიშვიათესი გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში ომი არ ყოფილა.

„ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი. ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი 8-წლიანი სტაბილური პერიოდი ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდია. ამის აღიარება არ სურთ ჩვენს ოპონენტებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან დავით სონღულაშვილს არჩევნებში გამარჯვება წინასწარ მიულოცა, რადგან, როგორც თქვა, „ღრმად არის დარწმუნებული, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს“

გუშინ, 14 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით სონღულაშვილი საგარეჯოში, დედოფლისწაყოსა და გურჯაანში წარადგინეს.

გურჯაანს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოდან“ კენჭს გიორგი ღვინიაშვილი იყრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ლევან ბეჟაშვილი, „ლელოდან“ კი ეკა ქვლივიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]