ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანას არაერთი წარმატებისთვის აქვს მიღწეული, რის მაგალითადაც მან თავისუფალი ბაზრების გახსნა დაასახელა.
„რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა, თუნდაც გურჯაანელი გლეხებისთვის... წეღან მქონდა საშუალება და ვესაუბრე რამდენიმე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული. ეს მისი კმაყოფილება გაგვიზიარა მან და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს კილოგრამი ატამი ღირს 2 ლარი, 1.80. ეს ჩვენი, ყველასი ერთად, დიდი წარმატებაა. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი წარმატებულია, როცა დასაქმებული და ბედნიერია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ გურჯაანში იმყოფებოდნენ. მათ მხარდამჭერებს გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი წარუდგინეს.