weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია შეიზღუდება – კილაძე

13:54 სამშაბათი, 18 აგვისტო 2020

პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება, რომელიც მაუწყებლობის სფეროში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ფუნქციების გაფართოებას ეხება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება შეიზღუდება.

„პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება შეიზღუდება. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს.

ბავშვის უფლებათა კოდექსის ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს რეგულაციებს და აღსრულების მექანიზმებს. მადლობა მინდა ვუთხრა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და მის ხელმძღვანელს კახა ბექაურს, რომელმაც სამაგალითოდ გაართვა თავი კოდექსის აღსრულების მომზადებას“, – წერს სოფო კილაძე.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის თანახმად, რომელიც ძალაში პირველი სექტემბრიდან უნდა შევიდეს, აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელიც ბავშვის ასაკს არ შეესაბამება და აფერხებს მის განვითარებას, აგრეთვე ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას.

562-ე მუხლის თანახმად, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;

ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;

გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;

დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);

ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;

თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;

ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;

კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;

ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;

მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.

ამასთან, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას.

7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

კანონის თანახმად, მაუწყებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილოს შესაბამისი დარღვევის საკითხი. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კომისია მაუწყებელს გააფრთხილებს. კანონით გათვალისწინებულია მაუწყებლის დაჯარიმების, ასევე ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების შესაძლებლობებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]