weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ევროპული საქართველო“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დატოვა

15:45 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020

საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, პარტია „ევროპული საქართველო“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გელა დემეტრაძემ და რამდენიმე წევრმა დატოვეს. ისინი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ამავე პარტიის მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შტაბს შეუერთდნენ.

როგორც გელა დემეტრაძემ განაცხადა, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრთა ნაწილის ინტერესები არ დაემთხვა „ევროპული საქართველოს“ ცენტრალური ოფისის ინტერესებს.

„ვშორდები „ევროპულ საქართველოს“. ასეთია არა მარტო ჩემი, არამედ ცენტრალური ოფისის გადაწვეტილება. ვუერთდები ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შტაბს. მგონია, რომ უმრავლესობა ასეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა გელა დემეტრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა პარტიის გადაწყვეტილება არჩევნებზე საუკუთარი კანდიდატის დაყენების თაობაზე.

„ვინც მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ვაჟა ჩიტაშვილის კანდიდატურას, რა თქმა უნდა, პარტიაში აღარ დარჩება“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად წარადგინა, „ევროპული საქართველოს“ წევრი იყო. მან პარტია რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 16 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ვანო მერაბიშვილი ჩავიდა და ოთხ მუნიციპალიტეტში – ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომლის სახელსა და გვარს ადგილობრივი გამოცემა არ ასახელებს, განაცხადა, რომ შეხვედრაზე, მერაბიშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს, ვაჟა ჩიტაშვილის მხარდასაჭერად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]