weather cur horoscope tv
დეკემბერი 31, 2024

პატრიოტთა ალიანსის წევრებმა ხატი ჩამოიტანეს – აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი

15:02 ორშაბათი, 24 აგვისტო 2020

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩეველი და პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საქანია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან  შეხვედრის საკითხს.

საქანიას განცხადებით, აგვისტოს დასაწყისში მას რუსეთის ფედერაციიდან ძველმა მეგობრებმა მიმართეს და ილორის ტაძრისთვის საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის  გადაცემაში დახმარება სთხოვეს. ლაშა საქანიას ინფორმაციით, მის მეგობრებს დახმარება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურვმა სთხოვა.

„შესაბამისად, ჩემმა რუსმა მეგობრებმა მთხოვეს, გადმოსვლა და ტაძრისთვის აღნიშნული ხატის გადმოცემა დამეორგანიზებინა, რაც გავაკეთეთ. ამით ჩვენი მისია შესრულდა. პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ მე და არც ალექსანდრ აგრბას, რომელსაც ჩემთან ერთად წამოსვლა ვთხოვე, მოლაპარაკებები არავისთან გაგვიმართავს.

ეს იყო ჰუმანიტარული აქცია ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადმოცემის შემდეგ ხალხმა ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა“, – ამბობს საქანია.

მისივე თქმით, ამ ამბის გასაიდუმლოებას არავინ აპირებდა. საქანიას განცხადებით, ვიზიტის შესახებ არ აცნობა არც გალის რაიონის ხელმძღვანელს და არც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ ღონისძიებისთვის რაიმე ოფიციალური სტატუსი არ მიენიჭებინა.

„ჩვენ, როგორც მორწმუნე ადამიანებს, გულწრფელად გვჯერა, რომ ხატის საჩუქრად გადმოცემა ღვთიური და კარგი საქმეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე, როგორც აფხაზი ხალხის სამამულო ომის ვეტერანის შვილი, ყოველთვის ვიცავდი და ვიცავ აფხაზეთის სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს. თუ საჭირო იქნება, მზად ვართ სალოცავში დავიფიცოთ, რომ არანაირ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით და რომ ეს კერძო ჰუმანიტარული აქცია იყო“, – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი.

ინფორმაცია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი, სავარაუდოდ, 18 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

პირველი კომენტარი ლაშა საქანიამ 22 აგვისტოს გააკეთა  და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ მოლაპარაკებები უარყო. „პატრიოტთა ალიანსი“ ოკუპირებულ რეგიონში გადასვლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]