weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გამოვდივარ ინიციატივით, ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია – სალომე ზურაბიშვილი

23:08 ორშაბათი, 24 აგვისტო 2020

პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გამოდის ინიციატივით, რომ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები ისწავლებოდეს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია არის ქართული სახელმწიფოს ღერძი, საქართველოს ხალხის, მისი ყოველი მოქალაქის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ხიდი თაობებს შორის, განვითარების გზა და მომავლის მოდელი. პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუცია ქვეყნის კონსტიტუციური სტაბილურობის, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოა.

„საქართველოში, მიუხედავად სამართლის უძველესი ძეგლების არსებობისა, კონსტიტუციის ისტორია 1918 წელს იწყება, როდესაც მიღებულ იქნა დამოუკიდებლობის აქტი და მოგვიანებით საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის პროექტი შეიმუშავა.

1921 წელს მიღებული კონსტიტუცია ჩვენს ისტორიაში თავისუფლების სიმბოლოა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიღება სულ რამდენიმე დღით უსწრებდა წინ საქართველოს ოკუპაციას, იგი იქცა თავისუფლების საყრდენად, სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და 1991 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის სამართლებრივ საფუძვლად.

ცხადია, საბჭოთა კონსტიტუციები - იარაღის, ძალადობის, ანექსიის საშუალებით შექმნილი „ფაქტობრივი მდგომარეობის“ დამკანონებლები, დაცლილნი კანონის სულისა და სამართლიანობისაგან, მძიმე კვალს დატოვებდნენ. 

ქვეყანა დღემდე იმკის ეროვნული და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დანგრევის მძიმე შედეგს, რამაც საქართველოს მოქალაქეებს ჩაუნერგა ნიჰილიზმი კანონისა და სახელმწიფოსადმი, გაუცხოება ხელისუფლების მიმართ, სკეპტიციზმი მისი სამართლებრივი გზით შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე. 

მიუხედავად ამ მძიმე წარსულისა, ჩვენ მოვახერხეთ დიდწილად დაგვეძლია ჩვენს სამართლებრივ ცნობიერებაში ჩანერგილი მანკიერი მოდელები. შევძელით ხელისუფლება არჩევნების გზით შეგვეცვალა. შევძელით და მივიღეთ ახალი კონსტიტუცია, რომელშიც ასახულია საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი სტანდარტები და დემოკრატიული პრინციპები. სულ ახლახან კი განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც გზას უხსნის ოქტომბერში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მჯერა, რომ არავინ შეეცდება გავიდეს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, არავინ შეეცდება აგრესიის, დესტაბილიზაციის, პოლარიზაციის, ქაოსისა და არეულობის გზით მიაღწიოს დასახულ პოლიტიკურ მიზანს. კონსტიტუციურ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.

კონსტიტუცია არ არის გაქვავებული სამართლებრივი ძეგლი. კონსტიტუცია არის ცოცხალი არსება, რომელიც ჩვენთან ერთად იზრდება და იხვეწება, ასახავს სახელმწიფოს განვითარების ეტაპებს. ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპი კი საქართველოს გამთლიანებაა, რომელიც მხოლოდ ტერიტორიისა და საზღვრების საკითხი არ არის. საქართველო ვერ გადალახავს თავის ტრაგიკულ გამოცდილებას, ვერ მოიტოვებს უკან თავისი დანაწევრების ისტორიას, ვერ გამთლიანდება აფხაზ და ოს ხალხებთან საერთო ინტელექტუალური, კულტურული და ღირებულებითი სივრცის აღდგენის გარეშე. სწორედ კონსტიტუციას შესწევს ძალა, ჩამოაყალიბოს ერთიანი სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ცნობიერება. ეს არის ჩვენი მომავლის გზა!

და ამიტომაც გამოვდივარ ინიციატივით - ვასწავლოთ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები! კონსტიტუცია აღქმული უნდა იყოს, როგორც პრინციპების და ნორმების ცოცხალი კრებული, რადგან სწორედ მათ განხორციელებას ეფუძნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და წინსვლა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]