weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალციხის საკრებულოს ყოფილი თანამშრომლებისთვის 44 000 ლარის გადახდა დაეკისრა

13:03 პარასკევი, 28 აგვისტო 2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი ყოფილი თანამშრომლისთვის დაახლოებით 44 000 ლარის გადახდა დაეკისრა. როგორც ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ, 2017 წლის პირველ დეკემბერს გაათავისუფლეს. ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში უფროსი სპეციალისტი იყო, ხოლო ბაღდოშვილი 2015 წლის იანვრიდან ქალაქის საკრებულოში საორგანიზაციო საკითხებში სპეციალისტად მუშაობდა. რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს. ისინი მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რასაც საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გელა ნოზაძე უარყოფს.

საკრებულოს ყოფილი თანამშრომლებისთვის გადასახდელ 44 000 ლარში იძულებით განაცდური ხელფასი და ექვსი თვის კომპენსაცია შედის. „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, რა თანხა დაერიცხება თითოეულ მათგანს მაშინ გაირკვევა, როცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოდ აღსრულდება. ეკა ტატალაშვილი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში ხელმეორედ იჩივლოს, რადგან, როგორც ამბობს, საკრებულო თანხის სრულად ჩარიცხვას არ გეგმავს.

„რადგან დეპუტატი ვარ და ბიუჯეტიდან ვიღებ ხელფასს, საკრებულოში ფიქრობენ, რომ იძულებით განაცდური საათები დეპუტატად არჩევამდე უნდა ამინაზღაურონ. სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ დეპუტატად არჩევა აღნიშნულ საქმესთან კავშირში არ არის“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ეკა ტატალაშვილი, რომელიც „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს დეპუტატი 2018 წლის 7 სექტემბერს გახდა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, საკრებულო გეგმავს, საშემოსავლო გადასახადი ხელზე ასაღები თანხიდან - 560 ლარიდან ჩამოაჭრას, რაც დარღვევაა.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე აცხადებს, რომ ეკა ტატალაშვილს და თეა ბაღდოშვილს თანხას კანონის შესაბამისად დაურიცხავენ და იძულებით განაცდური საათების და კომპენსაციის ოდენობას არაფერი დააკლდება.

„უზენაეს სასამართლოში ჩვენ გაგზავნილი გვაქვს შეკითხვა, ზუსტ პასუხს ვერავინ გვაძლევს, როგორ უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან თანხის გაცემა, რადგან ის 2018 წლიდან ისედაც იღებს ხელფასს, როგორც საკრებულოს დეპუტატი. რაც შეეხება 560 ლარის დაბეგვრას, ეს სიცრუეა. რაც მათ ეკუთვნით მიიღებენ, ერთი თეთრი არ დააკლდებათ“, – უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ გელა ნოზაძემ.

2017 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც 7 თვითმმართველი ქალაქი (ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი) გაუქმდა და თვითმმართველ თემთან გაერთიანდა. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ფოთსა და ბათუმს დარჩა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]