weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროტესტის ნიშნად ჩამოხსნეს ბანერი, რომელზეც აჭარა ოკუპირებულ რეგიონად იყო მონიშნული

08:05 კვირა, 30 აგვისტო 2020

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ აქტივისტებმა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ჩამოხსნეს საარჩევნო ბანერი, რომელზეც აჭარა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად, წითლად იყო მონიშნული. ბანერზე, მოწოდებით „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი იყვნენ გამოსახული.

ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერის ნაცვლად, ერთიანი საქართველოს რუკას გააკრავენ, რომელსაც ეწერება – „ლელო ერთიანი საქართველოსთვის“.

„დღეს ვხედავთ მოღალატეობრივ პოლიტიკას საქართველოში. „ლელო საქართველოსთვის“ იძლევა პირობას, რომ მოღალატეობრივი პოლიტიკა ჩვენთან ვერ გასტანს და თავის დასაყრდენს ვერ იპოვის. აჭარა საქართველოს ერთიანი ნაწილია და „პატრიოტთა ალიანსის“ მოღალატეობრივი ნარატივი აქ ვერასდროს დაიმკვიდრებს ადგილს. მოვუწოდებთ საქართველოში ყველას, დახსნით ეს ბანერები და უთხარით არა „პატრიოტთა ალიანსს“ და იმ რუსულ კვალს, რომელსაც ეს პარტია ატარებს. ჩვენ ვხედავთ უმოქმედო ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. ვაცხადებთ ბრძოლას უსამართლობის, ოკუპაციის და პრორუსული ფინანსების წინააღმდეგ“, – განაცხადა კუპრაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბანერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პროვოკაცია უწოდა. მისი განმარტებით, აღნიშნული საარჩევნო ბანერი პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე „სრულიად განსხვავებული სახით“ ჰქონდათ მიღებული.

„ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით - sos! რასაც ფოტოზე ხედავთ! მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოოო ვარიანტი ეს იყო!“, – დაწერა ინაშვილმა სოციალურ ქსელში.

ინაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოზე ასეთი ბანერი მიიღეს

პარტიის ლიდერი „შიდა და გარე პროვოკაციას“ არ გამორიცხავს და ამბობს, რომ მათმა „მტრებმა“ ბანერი სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს.

„ამით იაფფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ! თანაც, ანჩისხატობის დღეს. რა შუაშია ანჩისხატობა? პირდაპირ შუაშია. ტაძრიდან მოვედი, არაფერი არ ვიცი. მოკლედ, ეს ყველაფერი მტრების მიერ დაგეგმილი და მოფიქრებული მგონია. თუმცა, შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები“, – ამბობს ირმა ინაშვილი.

მისივე თქმით, აქვს 100%-ით სანდო ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ გადაწყვიტეს, 50 000-დან 1 000 000 ლარს ზემოთ გადაუხადონ იმ ადამიანების, რომლებიც მისი პარტიიდან ინფორმაციას გაიტანენ. 

„ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. ასეც მოხდა“, – წერს ირმა ინაშვილი.

ბათუმის მერიამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას ბანერი უნებართვოდ ჰქონდა განთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]