გახარიამ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა სჭირდება და ის ადრეც უნდა გაკეთებულიყო. მისივე თქმით, გენგეგმის შესამუშავებლად ტენდერი წელს გამოცხადდება.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ბათუმის ყველანაირი განვითარება ჩვენ არ გვინდა და მას, რაც ძველი ბათუმიდან დარჩენილია, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა განაშენიანების გეგმა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. წელს ტენდერი გამოცხადდება, 1 წელიწადში დასრულდება და ეს უნდა იყოს განუხრელი კანონი თითოეული მშენებლისთვის.
მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია, ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე და რაც დღეს დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ყველაფრის ცენტრში უნდა იყოს ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა, ეფექტური სახელმწიფო მანქანა და სამართლიანი სახელმწიფო აპარატი.
„ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. არავინ იცის ისე ზუსტად, როგორც „ქართულმა ოცნებამ“, სად, როდის და როგორ უნდა გავაკეთოთ. ზუსტი გეგმა გვაქვს, ყოველდღიურად გაწერილი და ეს ბათუმის მშენებლობის ტემპებსაც ეტყობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბათუმის განაშენიანების გენგეგმის მიღებას სამოქალაქო აქტივისტები წლებია ითხოვენ. აღნიშნული დოკუმენტის გარეშე ქალაქში ახალი მშენებლობები ქაოტურად ხორციელდება. ადგილობრივებმა არაერთხელ გააპროტესტეს მრავალსართულიანი ობიექტების მშენებლობა – ე.წ. ქალაქის ჩაბეტონება და ასევე, მისი ისტორიული ნაწილის ხელყოფა.