„ეკატერინე ქვლილვიძე ჩვენი ძალიან სერიოზული თანამებრძოლი, ძალიან ვაჟკაცი, თამამი ადამიანია, რაც მთავარია, ის არის პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენ ასეთი ადამიანების გუნდი ვართ; ადამიანების, რომლებსაც ისეთი ქვეყნის აშენება უნდათ, რომელიც არ ემსგავსება იმას, სადაც ვართ - ჭაობს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ კახეთის ეკონომიკური განვითარების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ „გაზარდოს კახეთი, როგორც მთელი საქართველოს ბეღელი“.
„აქ ცხოვრობს ის ხალხი, რომელიც დილიდან საღამომდე შრომობს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი შრომა არ ფასდება. კახელები, რომლებსაც ღვინის წარმოების 8000-წლოვანი ისტორია გვაქვს, ღვინოს ექსპორტზე „კოკა-კოლის“ ფასად ვყიდით და კაპიკები მიდის იმ ადამიანთან, ვისაც ყურძენი მოყავს და ვენახში შრომობს. უნდა მოვახერხოთ, რომ კახეთში მოწეული პროდუქცია მთელი მსოფლიოსთვის უნიკალური გახდეს - ხარისხის და ფასის თვალსაზრისით.
კახეთი უნდა შევიყვანით ღვინის მსოფლიო დედაქალაქების რიცხვში. ყველაზე ძველი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა ვართ და ღვინის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი არ გვაქვს. ჩვენ ამაზე დავიწყეთ მუშაობა და კახეთს შევიყვანთ ღვინის მსოფლიო მე-11 დედაქალაქად.
ჩვენ გეგმაში გვაქვს, სასწრაფო რეკონსტრუქცია გავუკეთოთ თელავის აეროპორტს და ჩამოვიყვანოთ ღვინის ტურისტები, რომლებიც მსოფლიოში 50 მილიონს შეადგენენ და წელიწადში მხოლოდ ღვინის ტურებზე 30 მილიარდ დოლარს ხარჯავენ. ისინი ყველგან დაფრინავენ და ჩვენ რუკაზე არ ვართ. ჩვენი გათვლებით, როდესაც ამას ავაწყობთ, მილიარდი ლარით დაიწყება შემოსავალი, მარტო კახეთის რეგიონში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ეკატერინე ქვლივიძის თქმით, „ლელოს“ გეგმაში გაწერილია, რისი გაკეთებაა მნიშვნელოვანი როგორც გურჯაანში, ისე საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში.
„კახელ გლეხს გვერდში უნდა დავუდგეთ, რომ მისი შრომა დაფასდეს. კახელი გლეხი უნდა იყოს ჩვენი სიამაყე, სიძლიერე და ძლიერი ფერმერის სტატუსის მქონე ადამიანი“, – აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.