weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა ინსტრუქციებს იღებს „პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნოდ კრემლისგან – „დოსიეს“ გამოძიება

13:46 სამშაბათი, 01 სექტემბერი 2020

მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებული ცენტრი „დოსიე“ აქვეყნებს მორიგ გამოძიებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ხელისუფლების ჩარევის შესახებ.

როგორც „დოსიე“ წერს, მათ ხელში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები და ოპერატიული მოხსენებები რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურის გენერლის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან. „დოსიეს“ ცნობით, ჩერნოვი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ჯაშუში იყო ლონდონსა და ჰელსინკიში, 2012 წელს პუტინმა დანიშნა რუსეთის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსად.

„დოსიეს“ თანახმად, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტები მოწმობენ იმაზე, რომ ჩერნოვის სამმართველოს თანამშრომლები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებაში არიან ჩართულები. „პატრიოტთა ალიანისის“ პოპულარიზაციისთვის სამმართველომ დაიქირავა კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS.

„დოსიეს“ თანახმად, ჩერნოვის უწყებიდან მრავალრიცხოვანი დოკუმენტები აჩვენებენ, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიის სავარაუდო ხარჯი სულ მცირე 8 430 625 აშშ დოლარს შეადგენს, ამას ემატება პოლიტტექნოლოგებზე დახარჯული 700 000 აშშ დოლარი. ამასთან, „დოსიე“ აღნიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობა პარტიებსა და საარჩევნო კანდიდატებს უკრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, უცხო ქვეყნის კომპანიებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, სახელმწიფო უწყებებისგან და ასევე, ანონიმური სპონსპრებისგან შეწირულობების მიღებას.

„დოსიეს“ თანახმად, ირმა ინაშვილის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ ოპონენტების თავდასხმების მოგერიებაში ჩერნოვის სამმართველო ეხმარებოდა: გენერალ ჩერნოვის დოკუმენტებში იძებნება წინასწარ მომზადებული პასუხები და ის თეზისები, რომლებიც პარტიის წევრებს მედიაში უნდა გაეჟღერებინათ.

„დოსიე“ ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიასთვის მომზადებული თეზისების დოკუმენტსაც ავრცელებს. „პატრიოტთა ალიანსის წევრებს ურჩევდნენ ეთქვათ, რომ აფხაზეთში მათ ვიზიტს საქველმოქმედო მიზანი ჰქონდა.

„ფერიცვალების დღესასწაულის წინ ილორის ტაძარს გადავეცით ღვთისმშობლის ხატი. გარდა ამისა, ვისარგებლეთ შემთხვევით და აფხაზეთში ნათესავები მოვინახულეთ.

როგორც იცით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მილიონზე მეტი ადამიანი გამოკითხა, რომელთაგან 70%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასეთ გამოკითხვას ჩავატარებთ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე, იგივე შედეგი იქნება. პრდაპირი კონტაქტების დამყარებითა და სახალხო დიპლომატიით, ჩვენ არა მარტო ვატარებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, არამედ ვმოქმედებთ ხალხის ნების შესაბამისად.

თუმცა, არიან ისინიც, ვისაც სახალხო დიპლომატია არ მოსწონს. ისინი ხელში ომის ნაჯახს იღებენ და ღალატში ჩვენ გვადანაშაულებენ. ამას აკეთებენ ისინი, ვისაც ომით ფულის შოვნა უნდათ; ვისთვისაც ხელსაყრელია, რომ ჩვენი შვილები იღუპებოდნენ და ინვალიდდებოდნენ; ვისაც დესტაბილიზაცია და სიკვდილი სურს.

მაგრამ მათ არაფერი გამოუვადთ, ამის უფლებას მათ საქართველოს ხალხი არ მისცემს“.

გარდა ამისა, „დოსიეს“ თანახმად, მოსკოვში შეიმუშავეს არჩევნებზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ზოგადი პოზიციონირებისთვის არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, „საარჩევნო კამპანიის სტრატეგია, „აგიტატორის შენიშნა“, „სამუშაოს გეგმა“ და სხვა.

„დოსიეს“ თანახმად, სტრატეგიაში გაწერილ საარჩევნო ღონისძიებებს შორისაა:

  1. აგვისტოს ბოლო – სექტემბრის დასაწყსი: აჭარის მცხოვრებლების მიერ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება განუსაზღვრელი ვადით. პიკეტის მონაწილეებს შორის არიან რიგითი მოქალაქეები, ტურიზმისა და მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმებულები, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციის ორგანიზატორი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მუსლიმანი და ქრისტიანი ძმები საქართველოს ერთიანობის დასაცავად“ ან სხვა ძალა, მათ შორის ახლად შექმნილი აჭარის თავდაცვის არაფორმალური კომიტეტი და ა.შ.
  2. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების აქცია „მოამზადე ბავშვები სკოლისთვის“, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები თავიანთ რეგიონებში ორგანიზებას გაუწევენ გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის სახსრების შეგროვებას. აღნიშნული ღონისძიებისთვის თანხები უნდა ჩარიცხონ როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციებმა (ფონდი „ობიექტივი“), ასევე ადგილობრივმა ბიზნესმენებმა, ან თავად დეპუტატობის კანდიდატებმა (მაგალითად, ფრიდონ ინჯიამ), თუ ამას კანონი არ კრძალავს.
  3. 8 სექტემბერი – ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს დაგეგმილია მედია საშუალებების კონფერენცია „სიმართლისა და ობიექტურობისთვის!“. კონფერენციაზე მიწვეული სტუმარია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი, რომელმაც უნდა ისაუბროს სამხედრო მიუმხრობლობის უპირატესობებზე და უპასუხოს ამ საკითხზე დისკუსიის მონაწილეების შეკითხვეს.
  4. „პატრიოტთა ალიანისის“ საკანონმდებლო ინიციატივა - ყველა ქართველს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ შორის რუსეთში, უფლება უნდა ჰქონდეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ხმა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცს. „პატრიოტთა ალიანსს“ ურჩევენ გამოვიდნენ საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ.

„დოსიეს“ თანახმად, „პატრიოტთა ალიანისისთვის“ შემუშავებული სამუშაო გეგმის მიხედვით, შესაძლებელია გავიგოთ, როგორ აწარმოებენ ისინი საარჩევნო კამპანიას სოციალურ ქსელებში:

„5 სექტემბრამდე – ახალგაზრდა ბლოგერების მოძიება, რომლებიც პარტაქტივს შეხვდებიან და ამის შემდეგ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნებენ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ. საუკეთესო ტექსტს პარტია საკუთარ გვერდზე გააზიარებს.  

27 სექტემბრამდე – პატრიოტული სიმღერების კონკურსი და ონლაინ ფლეშმობი „ვმღერით ერთად“.

1 ოქტომბრამდე – სოციალურ ქსელებში ფლეშმობის „მხარდაჭერის აღლუმი“ წამოწყება. ცნობადი სახეები, სპორტსმენები, ექიმები, მსახიობები და ა.შ. მხარდაჭერას გამოუცხადებენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ (ვიდეორგოლების გადაღება)“.

„დოსიეს“ თანახმად, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები რუსი კურატორებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავენ, რომ ჰყავთ 5, 10, 30 და 50 ადამიანიც, რომლებიც პარტიის მხარდამჭერ განცხადებეს აკეთებენ არა მხოლოდ პრესაში, არამედ ტელევიზიაშიც. მათ შორის დასახელებული არიან პოეტი საღლიანი, კომპოზიტორები - სეფიაშვილი და მჟავია, მომღერლები - თათარაშვილი, გელაშვილი და მამალაძე, ბალერინა ნიორაძე, კულტურის პალატის თავმჯდომარე ოქიტაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი დევდარიანი და ა.შ. „პატრიოტთა ალიანსი“ წერს, რომ ვიდეომიმართვა ამ ადამიანების მონაწილეობით ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში“ სექტემბერ-ოქტომბერში გავა.

„მოგროვდება კიდევ 50, თუ არა მეტი, ადამიანი, რომლებიც პარტიის წევრები არ არიან და შესაძლოა პირდაპირ არ იტყვიან „ხმა მიეცით პატრიოტებს“, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად იტყვიან, რომ ძალიან დიდ პატივს სცემენ და აფასებენ დავით თარხან-მოურავს და ირმა ინაშვილს და რომ ყოვეთვის იდგნენ და იდგებიან ჩვენს გვერდით“, – ციტირებს „დოსიე“ პარტიის წერილიდან ამონარიდს.

გარდა ამისა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ რუს კონსულტატნებს სავარაუდოდ შეუთანხმდა, რომ ქართველი ამომრჩევლების შესახებ მონაცემებს მიაწვდის.

„რა თქმა უნდა, თქვენ მიიღებთ პასპორტიზაციას. აქ კოორდინატორებიც კი არაფერ შუაში არიან. თუ ჩვენ შევძლებთ გაზეთების კარდაკარ მიწოდებას, ეს იმასაც ნიშნავს, რომ პასპორტიზაცია გვექნება. თუმცა, ჩვენთვის ნათელი არ არის, რისთვის გჭირდებათ სადარბაზოებისა და სართულების რაონებობა, საკმარისია იმის ცოდნა, თუ რამდენი ოჯახი ცხოვრობს. „კარდაკარს“ ყველა ეს მონაცემი დასჭირდება და ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ყველა მონაცემი იქნება. შესაძლებელია, რომ გოჩამ („დოსიე“ ვარაუდობს, რომ იგულისხმება პარტიის საარჩევნო კამპანიის ფაქტობრივი ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე, რომელიც თბილისის საკრებულის დეპუტატიც არის) ამის შესახებ იცოდა, მაგრამ თავმჯდომარისთვის არ უცნობებია, შესაძლოა დაავიწყდა. ხანდახან ასეც ხდება. მაგრამ ახლა დავალებები გაცემულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შესრულდება“, – ციტირებს „დოსიე“ მიმოწერის ფრაგმენტს.

„დოსიეს“ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „პატრიოტთა ალიანსისთვის“ რამდენიმე მილიონი დოლარი გამოყვეს, პარტიის წევრებს მაინც არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ და რუსი პოლიტტექნოლოგების ყველა რჩევას მიყვნენ. „დოსიეს“ თანახმად, როგორც მიმოწერიდან ჩანს, რუსი კურატორები „პატრიოტთა ალიანსს“ აგვისტოს ომის დაწყების დღეს ოპოზიციური მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ.

„აგვისტოს ომის შესახებ – გადაცემა ირმას და დავითის მონაწილეობით გავიდა 6, 7, 9 და 10 აგვისტოს. 8 აგვისტოს გადიოდა მხოლოდ კლიპები. ამ გადაცემებზე უკვე ჰქონდა რეაგირება მიხეილ სააკაშვილს. ამ დღეს მიტინგის მოწყობა კი ნიშნავს, რომ სრულიად არ გესმით თბილისში არსებული სიტუაცია. ხალხი ამ სიმართლეს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ მასზე დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი ლაპარაკობენ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ამ თემაზე მიტინგს მოვაწყობთ – ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ. აგვისტოს თემას არჩევნებამდე კვირაში ერთხელ გადაცემებში შეეხებიან ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, ლომია, ნიკოლაიშვილი“, – წერია წერილში, რომელიც „დოსიეს“ თანახმად, „პატრიოტთა ალიანსმა“ რუს კურატორებს გაუგზავნა.

ამასთან, „დოსიეს“ თანახმად, „პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს კრემლის პოლიტტექნოლოგები დაარწმუნოს, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის თანამდებობა მათ დაატოვებინეს და რომ პარტიას ამომრჩეველთა მეოთხედი უჭერს მხარს.

„თუმცა, გამოკითხვების თანახმად, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი 3%-ია. დაეხმარებიან თუ არა მას კრემლის პოლიტტექნოლოგები ოქტომბრის არჩევნები აჩვენებს, ცენტრი „დოსიე“ კი გააგრძელებს დაკვირვებას, როგორც ცდილობს რუსეთის ხელისუფლება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“, – წერს „დოსიე“.

25 აგვისტოს, „დოსიეს“ პირველი საგამოძიებო მასალის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც საუბარია კრემლის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზე, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურში განცხადება დაწერა და პარტიის დაფინანსების კანონიერების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. გენერალურმა პროკურატურამ განცხადება რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]