weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახელმწიფო აუდიტმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერებაზე მოკვლევა დაიწყო

15:37 სამშაბათი, 01 სექტემბერი 2020
ფოტოზე დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი ფოტოზე დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. „რეგინფოს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, რომ პარტიას წერილით მიმართეს და დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების შემოსავლების, შემოწირულობებისა და ხარჯების მონიტორინგი მიმდინარეობდა და ეს პროცესი გრძელდება.

„ვსწავლობთ იმ ინფორმაციას და მონაცემებს, რაც „დოსიემ“ ამ კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე, რთულია თქმა, როდის დასრულდება მოკვლევა“, – უთხრეს „რეგინფოს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა. ამას წინ უძღოდა ცენტრ „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებული მასალა, სადაც კრემლის მიერ საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზეა საუბარი. „დოსიეს“ თანახმად, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტები მოწმობენ იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონული და კულტურული კავშირების სამმართველოს თანამშრომლები „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები. „პატრიოტთა ალიანისის“ პოპულარიზაციისთვის სამმართველომ დაიქირავა კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS. „დოსიეს“ თანახმად, სამმართველოდან მრავალრიცხოვანი დოკუმენტები აჩვენებენ, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიის სავარაუდო ხარჯი სულ მცირე 8 430 625 აშშ დოლარს შეადგენს, ამას ემატება პოლიტტექნოლოგებზე დახარჯული 700 000 აშშ დოლარი.

გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ განიხილეს ელენე ხოშტარიას განცხადება და ის შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაგზავნეს.

„კანონის თანახმად, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მათ შორის აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები“, – განაცხადა გენერალურმა პროკურატურამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]