თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი შეეხება იმ თემას, რომელზეც, ბოლო პერიოდში, სულ უფრო აქტიურად საუბრობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
„ეს არის კორუფციის პრობლემა და კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტების სისუსტე საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს პირდაპირ აქვს ვალდებულება დაკისრებული, რომ შექმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, სულ ახლახან, კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციებით ხაზი გაესვა ქვეყანაში კორუფციის პრობლემას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ჩვენი მოქალაქეები აწყდებიან და ხედავენ ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი 30 კანონპროექტისგან შედგება და გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლას სამი ძირითადი მიმართულებით:
- კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება;
- პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების კანონიერების ეფექტური კონტროლი;
- თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის ეფექტური კონტროლი.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ინიციატივის თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტები უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაციის, მაღალი საზოგადოებრივი ნდობის.
დეპუტატების თქმით, პოლიტიკურ დაფინანსებას, კორუფციული დანაშაულების გამოძიებას და თანამდებობის პირების შემოსავლების და დეკლარაციის კონტროლს უნდა ახდენდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აუცილებელია, რომ მივიღოთ, თუ გვინდა, რომ რეალურად ქვეყანაში კორუფცია არ გვქონდეს, ვითარება არ გაგვიუარესდეს, არ დაგვიმძიმდეს და არ ჩავეფლოთ კორუფციის მიმართულებით ნეგატიურ პროცესებში. ჩემი აზრით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას და მიღებას ძალიან დეტალურად ადევნებენ თვალყურს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას გადაწყვეტს და რას გააკეთებს პარლამენტი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ დავაინიცირეთ ეს საკანონმდებლო პაკეტი, როგორც დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრებმა, თუმცა, კანონის მისაღებად აუცილებელია საპარლამეტო უმრავლესობის ხმები და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სერიოზულად დაფიქრდება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვან როლს შეიტანს დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნასა და, ზოგადად, ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორებმა ითანამშრომლეს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოსთან“ და იმ სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებთან, რომლებიც ყველაზე კომპეტენტურები არიან ამ მიმართულებით.