ლილუაშვილის თქმით, დღეიდან უკვე დაიწყო თანხის გაცემის პროცედურა და თითოეულ ბავშვს, შესაბამის ანგარიშზე, რომელიც მისმა მშობელმა, მეურვემ სისტემაში მიუთითა, 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხება.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. დღეს უკვე ჩვენ ვრიცხავთ, დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას. აღნიშნული კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამ, ვიდრე სასწავლო პროცესი დაიწყება. სწორედ ამას უკავშირდება პრემიერის მიერ გაცემული დავალება, ერთ კვირიან ვადაზე. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს, დაიკმაყოფილონ ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებული საჭიროებები. ამასთან, სისტემაში რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, მასაც აუცილებლად ჩაერიცხება მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, – თქვა ბექა ლილუაშვილმა.
მთავრობამ 18 წლამდე ბავშვების სოციალური დახმარების შესახებ 6 აგვისტოს გამოაცხადა. ერთჯერადად 200-ლარის მისაღებად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge-ზე 15 აგვისტოდან მიმდინარეობს.