weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მამუკა ხაზარაძემ „საქართველოს ეკონომიკის რეკონსტრუქციის გეგმა“ წარადგინა

17:33 შაბათი, 05 სექტემბერი 2020

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, პარტიის „მარშალის გეგმა“ წარადგინა, რომელიც, მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. „ლელოს“ სტრატეგიული დოკუმენტის მთავარი მესიჯებია:

  • ძლიერი საშუალო ფენა. 600 000 ადამიანი 3 000 ლარზე მეტი თვიური შემოსავალით და 200 000 ახალი სამუშაო ადგილი;
  • გლეხი ძლიერ ფერმერად და არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში;
  • არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე;
  • გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას და ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება;
  • სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს კერძო სადაზღვეო კომპანიის ჩართულობით;
  • მეტი ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან.

მამუკა ხაზარაძემ წარადგინა „ლელოს“ მოდელი 3.2.1, რომელიც გულისხმობს 3-მილიარდიან საგარანტიო ფონდს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, 1-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიებისთვის.

„ამ პროგრამით „ლელოს“ მიზანია, აქციოს საქართველო რეგიონის ფინანსურ, ლოჯისტიკურ, კულტურულ, ინოვაციურ ცენტრად, შექმნას ძლიერ საშუალო ფენა, 4 წელიწადში დასრულდეს ყველა სტრატეგიული მეგა-პროექტი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ძირითადი გზა და ავტობანი, რკინიგზის სრული მოდერნიზაცია, ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია. უზრუნველვყოფთ სარწყავი და სასმელი წყლით ყველა ოჯახს და სოფელს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

თბილისისა და სხვა ქალაქების განვითარებასთან დაკავშირებით ხაზარაძემ შემდეგი ხედვა წარადგინა:

ქუთაისი – ლოჯისტიკური და ფინანსური ჰაბი, სადაც დაფუძნდება საერთაშორისო საფონდო ბირჟა. აეროპორტის გარშემო კი მოეწყობა ძლიერი, საერთაშორისო ლოჯისტიკური ცენტრი. „ლელო“ მოიწვევს ისეთ კომპანიებს, როგორებიც არის Amazon, Alibaba, DGL, TNT და სხვა.

ანაკლია – იქნება კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში და პირველი გაჩერება სოხუმამდე მიმავალ გზაზე, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც წარმატებული ევროპული და აზიური საწარმოები განთავსდებიან.

ბათუმი – საზღვაო ინდუსტრიისა და ტურიზმის ცენტრი, სადაც ქართული სანაოსნო შეიქმნება. 

თელავი – ღვინის დედაქალაქი, კახეთი - ტურიზმის 4 სეზონი. მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ კახეთი ღვინის ტურისტების 1%-ს მაინც მოიზიდავს, მხოლოდ ღვინის ტურიზმიდან რეგიონს მილიარდი ლარის სარგებელი ექნება, რაც 10 000 ლარი დამატებითი შემოსავალია ყველა კახელი გლეხისთვის.

ქართლი – აგრო და ბიო წარმოების ცენტრი. „ლელოს“ ამოცანაა მილიარდი დოლარის პროდუქციის ექსპორტზე გატანა, სახელმწიფო კი ფინანსურ დახმარებას გაუწევს აგრო და ბიო წარმოებას.

რაჭა – საერთაშორისო საგანმანათლებლო სკოლა-კამპუსების ცენტრი. „ლელო“ გეგმავს ენების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საერთაშორისო სკოლების ინფრასტრუქტურების შექმნას.

თბილისი – ბიზნეს (საქმიანი) ქალაქი IT და ინოვაციების ცენტრი, სადაც ინოვაციური IT კომპანიები 5 წლის ვადით გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.

პარტიის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ყველა ოჯახს და სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა კერძო კომპანიების ჩართულობით; განათლება – დისტანციური სწავლების დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების შვილებისთვის; ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი და მეტი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან, ასევე მეტი მეწარმე ქალი ქვეყანაში. 

რაც შეეხება მომავალ თაობას, ხაზარაძის განცხადებით, აუცილებელია „პირველი სამსახური“ – გარანტირებული ანაზღაურებადი სტაჟირება 6 თვით სწავლის დასრულებისთანავე; „პირველი სახლი“ – 100 მილიონი ლარი ყოველწლიურად ახალგაზრდა ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის; ახალგაზრდული ბარათი „25“ – უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 50%-იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებში, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ გაატარებს ემიგრანტების დაბრუნების და ემიგრაციაში იძულებით წამსვლელთა რიცხვის შემცირების პოლიტიკას, შექმნის წარმატებულ ემიგრანტთა (მეცნიერთა და ბიზნესმენთა) მუდმივმოქმედ საბჭოს, ხოლო ემიგრაციიდან დაბრუნებულთათვის შეიქმნება სპეციალური პროგრამები და დაწესდება შეღავათები.

საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძემ NATO-სა და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრირებაზე ისაუბრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]