ივანიშვილმა ხალხს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ამას მისი გუნდი აფასებს და ძალიან უფრთხილდება.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ „შეინარჩუნოს მიღწეული და იზრუნოს წინსვლაზე, რომ საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, უფრო ახლოს იყოს ქვეყნის გამთლიანებასთან, ევროპასა და ნატოსთან, დემოკრატიის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი, კიდევ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები, ეკონომიკური წინსვლა იყოს უფრო თვალსაჩინო და ყველასთვის ხელშესახები, შეძლოს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე“.
„ჩვენ ამას შევძლებთ და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი.
ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია იცის შრომის ფასი, იცის რა რთულია შედეგის მიღწევა. მარტივია, როდესაც მარტო შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს „ქართული ოცნება“.
ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელების ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე ვიწროპარტიული ინტერესების გამო. მინდა იცოდეთ, „ქართული ოცნება“ კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ. მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არ გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე.
ჩვენი ხალხი კარგად ხედავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეძლო ქვეყნის შეუქცევადი განვითარება, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის მტკიცე გარანტიების შექმნა. ადამიანებზე ზრუნვა და ამ ურთულეს კრიზისში მათი სოციალური მხარდაჭერა, „ქართული ოცნების“ ხელწერად იქცა.
თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველი შედეგისგან, მაგრამ ვადგავართ იმ გზას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები. ივანიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარანტიაა.