weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ოცნების“ 30 მაჟორიტარობის კანდიდატიდან 19 სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული

13:45 პარასკევი, 11 სექტემბერი 2020
ფოტოზე - ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი და ანზორ ბოლქვაძე ფოტოზე - ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი და ანზორ ბოლქვაძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნახევარზე მეტი – 30-დან 19 – ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (17 – თავად და მისი რომელიმე ოჯახის წევრი, ხოლო 2-ის მხოლოდ ოჯახის წევრი).

მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი. მთლიანობაში მათ „ქართულ ოცნებას“ 740 826 ლარი შესწირეს. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, გიორგი ვოლსკი, ლევან კობიაშვილი, გოგი მეშველიანი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, გოჩა ენუქიძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, ირაკლი ჩიქოვანი და ანზორ ბოლქვაძე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც.

„მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას 3 702 826 ლარი შესწირეს.

მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) არიან: გოჩა ენუქიძე – 1 254 000 ლარი; ზაალ დუგლაძე – 990 000 ლარი; ირაკლი ხახუბია – 458 000 ლარი; დავით სონღულაშვილი – 340 000 ლარი და ბეჟან წაქაძე – 320 000 ლარი“, – აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4 364 109 ლარი.

„მაჟორიტარობის 6 კანდიდატს – დავით სონღულაშვილს, ბექა ოდიშარიას, ზაალ დუგლაძეს, გოჩა ენუქიძეს, ზაზა ლომინაძეს და ირაკლი ხახუბიას – სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილოება მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758 300 ლარად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2 210 000 ლარად – სახელმწიფო საწარმოებს წილები

ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში – მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12 646 900 ლარს“, – ნათქვამია კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულება. ესენი არიან: სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, დავით სერგეენკო, შალვა კერესელიძე, ზაურ დარგალი და ნინო ლაცაბიძე.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე.

„30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული. მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

  • მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები: დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი ხახუბია და რესან კონცელიძე.
  • 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. გარდა იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თანამდებობის პირებმა ფორმალურადაც არ თქვეს უარი მათი წილების მართვაზე. ესენი არიან: ლევან კობიაშვილი, დავით სონღულაშვილი, სამველ მანუკიანი, ირაკლი ხახუბია, გოჩა ენუქიძე და ირაკლი ქადაგიშვილი.

მოკლებული ვართ შესაძლებლობას, შევამოწმოთ, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]