weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარტიის დატოვების სანაცვლოდ „ოცნების“ დეპუტატმა 600 ლარი მომცა – „ლელოს“ წევრი

18:10 შაბათი, 12 სექტემბერი 2020

პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, ირაკლი მატუას განცხადებით, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ოთარ ქადარიამ ქალაქისა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 600 ლარი მისცა. მისივე თქმით, ოთარ ქადარია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას დავალებით მოქმედებდა.

ირაკლი მატუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა ზუგდიდში „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო.

„გუშინწინ გავრცელებულ კადრებში ვჩანდი, ვეჩხუბებოდი, როგორც მე მითხრეს, „ზვიადისტს“. სოციალურ ქსელში იყო მუქარები სრულიად უცხო ადამიანებისგან. გუშინ დამირეკა ოთარ ქადარიამ და მთხოვა შეხვედრა. როგორც მან მითხრა, უნდა მენახა ძველ ციხესთან. იქ ჩავჯექით ტრანსპორტში და წავედით ახალსოფლის სასაფლაოზე. იქ მანქანაში დავტოვეთ ტელეფონები და სასაუბროდ გადავედით. მაშინ იყო საუბარი, რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა“, – განაცხადა ირაკლი მიტუამ.

მისივე თქმით, საკრებულოს წევრმა მოსთხოვა, თბილისში წასულიყო და არავის დაკავშირებოდა, მათ შორის არც თანაგუნდელებს. ირაკლი მიტუას განცხადებით, ქადარიასთან შეხვედრის შემდეგ მის ფეისბუკ-გვერდზე დაიწერა პოსტი, სადაც ამბობდა, რომ ტოვებდა „ლელოს“, რადგან მიუღებლად მიიჩნევდა იმ ადამიანების პროვოკატორებად მოხსენიებას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს.

ირაკლი მიტუა ამბობს, რომ 600 ლარი მისცეს, ავტობუსის ბილეთი უყიდეს და თბილისის მიმართულებით გაამგზავრეს: „ვიყავი ძალიან შეშინებული. მეც აღარ ვიცოდი, რა მექნა. მძღოლს ვთხოვე, სამტრედიაში გაეჩერებინა. დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს და ვთხოვე წამოსულიყვნენ და დაგვწეოდნენ“.

„ლელოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პარტიის შესაჩერებლად.

„ხელისუფლებამ ბრძოლა გააჩაღა ისეთი მზარდი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, როგორიც „ლელოა“. ზეწოლა ხორციელდება როგორც ჩვენს წევრებზე, ასევე ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წევრებზე.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ოთო ქადარია, რომელიც სახელმწიფო საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული, პირიქით, ეწევა ზონდერ საქმიანობას. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ამას არ დავუშვებთ. ხელისუფლება ვერ მოახერხებს ჩვენს დაშინებას“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესთან“ საუბრისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თაზო ფაცაციამ „ლელოს“ ბრალდებები უარყო და პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამება უწოდა: „სართოდ არაფერ შუაში ვარ... ეს არის სისულელე და ფარსი“.

9 სექტემბერს, დადიანების სასახლის ეზოში, „ლელოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის დროს, მამუკა ხაზარაძესთან რამდენიმე ადამიანი მივიდა და ჰკითხა, რა დამოკიდებულება ჰქონდა 1981-1993 წლებში ეროვნულ მოძრაობასთან. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ ღონისძიების ჩაშლის მიზნით, პროვოკაცია „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო და მასში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]