თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია კენჭისყრის დღეს COVID-19-ზე ტესტების პასუხების წარდგენას არ მოითხოვს.
„პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთანაც შევთანხმდით, რომ ამომრჩევლებს, მიუხედავად სიცხის დაფიქსირებისა, ვერ შევუზღუდავთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამიტომ, ყველა ამომრჩეველი, ვინც მოვა საარჩევნო უბანზე, შეძლებს, რომ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მათ კენჭისყრის მიზნებისთვის ძალიან ცოტა ხნით უწევთ კონტაქტი, ეს არის 15 წუთზე ნაკლები, რაც არ არის სარისკო საერთაშორისო სტანდარტით“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ „ღამის კურიერის“ ეთერში.
ჟვანიას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ინდივიდუალურ პასტებს შესთავაზებს. გარდა ამისა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.
„ჩვენ გვექნება პირბადე, თუ ამომრჩეველი მოვა პირბადის გარეშე, აუცილებლად შევთავაზებთ. პირბადის მოხსნის ვალდებულება ექნებათ ორ შემთხვევაში: შესასვლელთან და რეგისტრატორთან, როცა მათი იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია არჩევნების სანდოობისთვის. ამავდროულად, კომისიის წევრებზე, ვგეგმავთ, როგორც პირბადეების ასევე ხელთათმანებით მუშაობის მოთხოვნას“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მისივე თქმით, შეხების თვალსაზრისით, რისკის შემცველად იქნა მიჩნეული საარჩევნო კაბინის ფარდები, რის გამოც, კაბინები განლაგდება სხვაგვარად და იქნება ფარდების გარეშე, ამასთანავე, დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა.
31 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების გარდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება. ამავე დღეს არის დანიშნული ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.