weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა

12:29 სამშაბათი, 08 აგვისტო 2017
ფოტო არქივიდან: რაულ ხაჯიმბას და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ფოტო არქივიდან: რაულ ხაჯიმბას და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩავა, სადაც ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდება. დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის ვლადიმერ ზანთარიას განცხადებით, პუტინის ვიზიტს „კოლოსალური მნიშვნელობა“ აქვს, რადგან ის აფხაზეთს ღირსეულ მოკავშირედ და პარტნიორად ხედავს.

„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს. პუტინის ვიზიტს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს, რადგან მსოფლიოში მშვიდობა არ არის, დიდ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებებია. პუტინის ყოველი ჩამოსვლა აფხაზეთში არ არის მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან გაცნობა. ამას აქვს დიდი პოლიტიკური კონიუნქტურა.

რუსეთის მეთაური მშვენივრად აცნობიერებს, რომ აფხაზეთი დიდ გეოპოლიტიკურ სტრატეგიულ როლს თამაშობს. ჩვენ ერთგვარი ბუფერული ზონა გვაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და რათქმაუნდა, ჩვენთვის რუსეთთან ურთიერთობას კოლოსალური მნიშვნელობა აქვს. აქცენტები, რაც ხაჯიმბასთან შეხვედრაზე გაკეთდება განსაზღვრავენ რესპუბლიკის განვითარების ვექტორს

“, - განაცხადა ზანთარიამ „სპუტნიკთან“ ინტერვიუში.

პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავს დაემთხვა. ამასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, ეს არის სრულიად უშედეგო მცდელობა რაიმენაირად გამართლდეს 2008 წლის „ჯერ ოკუპაცია და შემდეგ გადაწყვეტილება, ერთიანი სახელმწიფოს დაშლის“.

„არასდროს არცერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას, არასდროს არანაირი ხელოვნური მავთულხლართები, თხრილები და მოგონილი საზღვრები არ გაყოფს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და ურყეობას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

„პუტინის ვიზიტი სოხუმში 8 აგვისტოს, ამ ძალიან ტრაგიკულ დღეს, რუსული აგრესიის 9 წლისთავზე საქართველოში, არის ძალიან ღია გზავნილი, რომ რუსეთი აგრძელებს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ზრდის ექსკლუზიურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე. ჩვენი პასუხი და გზავნილიც არის ძალიან ცალსახა და ძალიან ღია - ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში მეოთხედ ჩადის. რუსეთის პრეზიდენტის რანგში ეს მისი მეორე ვიზიტია. სოხუმში პირველად ის 2009 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან მოკლე პერიოდში ჩავიდა. მეორედ კი ოკუპირებულ აფხაზეთს 2011 წელს ეწვია. ამ წლებში პუტინს რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. პრეზიდენტის რანგში ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში 2013 წელს პირველად ჩავიდა და მაშინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]