weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

13:03 სამშაბათი, 08 აგვისტო 2017

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. „მე მჯერა, რომ ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვდგევართ დღეს იმ გმირების საფლავებთან, ვინც ეს ვალი თავის სისხლით გადაიხადეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის შემდეგ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას და მისი საზღვრების შეცვლას ცდილობს, თუმცა არასდროს, არცერთი ქართველი ოკუპაციას არ ცნობს.

„9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყნის საზღვარი და მოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია. რეალურად, ეს ოკუპაცია, ჰიბრიდული ომის სახით, 90-იანების დასაწყისიდან დაიწყო, იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ კაცობრიობის წინაშე განაცხადა, რომ აქვს თავისი დამოუკიდებელი თავისუფალი არჩევანი და დამოუკიდებელი განვითარების გზა.

მაშინვე, 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გაეროში აღიარეს. საქართველოს საზღვრების ურყეობა და მთლიანობა მაშინვე მთელმა კაცობრიობამ და მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარა.

2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს, რომ ის ისტორიული უსამართლობა - საქართველოს ოკუპაცია, გაამართლოს რამე სახის შეცდომით თუ გადაცდომით, და რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა.

ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ასევე მთელი საერთშორისო მეგობრობა არ ცნობს არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, არანაირ თხრილს, არანაირ ავტომატიან, „კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის.

რეალურად, საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის უცვლელია. მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უცვლელია და ამაში ჩვენ ვდგევართ არამარტო ჩვენს პარტნიორებთან ერთად, არამედ ვდგევართ იმ სიმტკიცით რა სიმტკიცითაც ჩვენ ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოვიტანეთ.

დღეს, როდესაც საქართველოში, საქართველოს მხარეში, აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ეს სრულიად უშედეგო მცდელობაა, რამენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია. რამენაირად გამართლდეს 2008 წლის გადაწყვეტილება, ჯერ ოკუპაცია და შემდეგ ერთიანი სახელმწიფოს დაშლის გადაწყვეტილება. პასუხად ამ მცდელობებს, მე მინდა ვუთხრა, რომ არასდროს არცერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას.

არასდროს, არანაირი ხელოვნური მავთულხლართები, თხრილები, მოგონილი საზღვრები არ გაყოფს მთლიანობას და ურყეობას ჩვენი ქვეყნისა. პასუხად მე ამას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ეს და საქართველო ყოველთვის გამოსულა გამარჯვებული. ჩვენი სახელმწიფოებრიობა უძლიერეს იმპერიებს ვერ შეურყევია, არანაირი ახალი ამბავი, ან ახალი რეალობა, ან ახალი გამართლება ამ ჭეშმარიტებას არ შეცვლის.

2008 წელს კი არა, 1921 წელს მთლიანად მთელი საქართველო გადაუფორმეს ქართველმა ბოლშევიკებმა საბჭოთა კავშირს და შულავერელები და ორჯონიკიძეები ამა ქვეყნისა ზეიმობდნენ თბილისზე წითელი დროშის აღმართვას, მაგრამ მათ ვერ გატეხეს ქართველი ხალხი და ჩვენ მაინც მივაღწიეთ ბოლოს დამოუკიდებლობას.

მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში, ჩვენს დევნილ მოსახლეობას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენს სიმტკიცეში და ურყეობაშია. არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე, თითქოს საქართველო რამენაირად, გაყოფილი, ან შერყეულია. საქართველო არის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე და ასე იქნება. ამით ჩვენ მივაღწევთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს სუვერენიტეტს“,  - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]