ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ხაზარაძემ თქვა, რომ მოქალაქეებს „ბანკი“ და „მევახშე“ ერთმანეთში ერევათ.
„ადამიანებს ერევათ. მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს, ყველას ვეკითხები, რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან ვიღაც კერძო პირის თემას.
თქვენი და სხვა ეთერებით გადის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაეთიკური სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად, მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რას ნიშნავს „მევახშე“.
ქართული განმარტებითი ლექსიკონით „მევახშე“ ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი.
მეორე ინიციატივა - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციას, შეეშვით უცენზურო და არაერთიკურ თავდასხმებს ყველაზე. თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ლექსიკონი დავხვეწოთ, ვილაპარაკოთ საქმეზე, ჩვენი აზრები ვაჭიდაოთ ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ. ქვეყანა ვერ განვითარდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ხელისუფლებაში მისი პარტიის მოსვლის შემთხვევაში 14-მილიარდიანი სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება.
„ქვეყანა გადაქცეულია დიდი ფულის სამრეცხაო მანქანად და არანაირი მნიშვნელოვანი შემოსავალი ამას ბიუჯეტისთვის არ აქვს. ჩვენ ამ ბიზნესს გავათეთრებთ, დავბეგრავთ სამართლიანად და ამოღებულ ფულს აუცილებლად დავამატებთ იმ ბიუჯეტს, რომელიც განათლებაში წავა“, – აღნიშნა ხაზარაძემ.