weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რუსეთი არ წყვეტს ბორდერიზაციას – გახარია

23:48 პარასკევი, 25 სექტემბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა და სხვა საკითხებთან ერთად ოკუპაციაზეც ისაუბრა. გახარიას თქმით, კორონავირუსის ახალი გამოწვევის მიღმა, საქართველო წლების განმავლობაში დგას სხვა, კიდევ უფრო რთული გამოწვევის - ტერიტორიების ოკუპაციის წინაშე. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, გაეროს შტაბ-ბინაში ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

„დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;

ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას.

„კანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის - მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე, ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან - დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე; უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა; სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე.

ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას. აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების - გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. 

საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას!საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ დაკეტილი საოკუპაციო ხაზის პირობებშიც კი შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ თანამემამულეებს. გახარიას თქმით, მთავრობის არჩეული პოლიტიკაა დიალოგის გზით მშვიდობის მიღწევა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც, ერთის მხრივ, ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას, ხოლო, მეორეს მხრივ - ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებას, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენას.

გახარიამ ახსენა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და თქვა, რომ ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ საქართველო დაინტერესებულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან დიალოგით, იქ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, ისევე, როგორც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენით. 

„ჩვენი მიზანია აღნიშნული რეგიონების განვითარება და იქ მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა სიკეთისა და მონაპოვრის გაზიარება, - როგორც მშვიდობიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და კორუფციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება, ისე ევროკავშირთან დაახლოების შედეგად მიღებული შესაძლებლობები - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და უვიზო მიმოსვლა.

მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს საოკუპაციო ხაზების მეორე მხარეს - საქართველოს სურს და შეუძლია თქვენთვის ამ ყველაფრის გაზიარება. ჩვენ ერთად შეგვიძლია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შევქმნათ უკეთესი მომავალი და ამასთანავე, შეინარჩუნოთ უნიკალური კულტურა და თვითმყოფადობა, რაც ასევე საერთო მემკვიდრეობის ნაწილია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა პარტნიორსა და მეგობარს, მუდმივად გვერდში დგომისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]