„როგორია არსებული ოლიგარქული წყობის ტაქტიკა? – დაცვის პირველ ხაზად ისინი იყენებენ ოპოზიციური ჯგუფების რაღაც ნაწილს, რომელთაც აქტიურად მისცეს სააკაშვილის ლანძღვის დავალება. ზოგიერთი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს. ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა არა ჩემი პიროვნება, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება და წინსვლა და ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ჩემთან. ქართველმა ხალხმა იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში საქართველოში ისევ დაიწყება სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა რაღაც სისხლისსამართლებრივი დევნა და რევანში, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ეს არ განხორციელდება, იმიტომ რომ, არ შეიძლება ქვეყანამ ერთსა და იმავე წრეზე იაროს. მათი დასჯა იქნება ჩვენი სწრაფი განვითარება და ეს შეგვიძლია სწორედ ჩვენ. ამიტომ ეშინიათ ჩვენი ყველაზე მეტად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა ხდება „სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით მონტაჟის გაკეთება, ჩანაწერების გამოყრა (ნამდვილის თუ ტყუილის), ბილბორდებზე მისი და წარსულში თუ ახლა მასთან ასოცირებული მოჭყანული სახეების დახატვა და ხალხის დაშინება - ბუა მოდის და მგელი მოდის“.
„რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდებზე, მით უმეტეს, რომ კანონით აკრძალეთ საარჩევნო რეკლამებში ჩემი ჩვენება, მით უფრო კარგი ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, თქვენს დროს შემცირდა. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ჩვენს დროს იყო სწრაფი პროგრესი, მათ შორის, მთელ მსოფლიოში საქართველოს პოზიციის დამკვიდრებისთვის და თქვენს დროს საქართველო პრაქტიკულად გაქრა რუკიდან. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენს დროს მოხდა აღორძინება და მკვეთრი გაძლიერება საქართველოში რწმენის, ქართველური ტრადიციული ფასეულობების. ჩვენ დროს აღდგა ბაგრატი, ასობით სხვა ძეგლი და თქვენ გაანადგურეთ გელათი. მართლა გული მიკვდება ამ ყველაფერს რომ ვუყურებ. ქართველმა ხალხმა იცის განსხვავება და რაც მეტჯერ შეახსენებთ, მით უკეთესი“, – აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნოდ საჯარო მოხელეების დაშინება და მოსყიდვაც ახსენა. მისი თქმით, საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავრობა მაინც იცვლება და მათი არჩევანის თავისუფლება დაცულია: „უნდა ამოვიდნენ არა იქიდან, უფროსი რას იტყვის, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან“.