„გუშინ სამი პაციენტი გარდაიცვალა. აქედან ორი აჭარაშია - 65 და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც თანმხლები დაავადებები ჰქონდათ - ერთს შაქრიანი დიაბეტი, მეორეს - ინსულტი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ასე შემდეგ. მდგომარეობიდან მათი გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში 57 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, რომელსაც ჰქონდა, ასევე, თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი”, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
28 სექტემბრის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც მარინა ენდელაძემ განაცხადა, აქედან ყველაზე მეტი - 175 შემთხვევა დაფიქსირებულია აჭარაში. 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში, 32 - თბილისში, 16 - გურია, 14 - სამეგრელო-ზემო სვანეთი, 11 - სამცხე-ჯავახეთი, 7 - ქვემო ქართლში და 4 - კახეთში.
„თითქმის 3500 პაციენტიდან კრიტიკულად ითვლება 25-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათგან 22 მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება ზოგადად მდგომარეობა ს, ეს არ არის ძალიან დიდი რაოდენობა 3500 პაციენტთან შედარებით, თუმცა მონაცემები იცვლება საათების მიხედვით“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა.
მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის, Stopcov.ge-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევა დადასტურდა. აქედან, გამოჯანმრთელდა 1906 პაციენტი, გარდაიცვალა - 31.