სტოლტენგერგის თქმით, საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას.
„მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატო-სთან და მოემზადოთ წევრობისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის არჩევნები, რომელიც მალე შედგება საქართველოში. საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატო-სთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
იენს სტოლტენბერგი და გიორგი გახარია ერთმანეთს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შეხვდნენ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე.
„ამ კუთხით განსაკუთრებით გაესვა ხაზი საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მეტად პროპორციული სისტემით. აღინიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.