weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იმედი გვაქვს, არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება – სტოლტენბერგი

15:42 სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველო 31 ოქტომბრის არჩევნებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩაატარებს. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენგერგის თქმით, საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას.

„მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატო-სთან და მოემზადოთ წევრობისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის არჩევნები, რომელიც მალე შედგება საქართველოში. საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატო-სთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იენს სტოლტენბერგი და გიორგი გახარია ერთმანეთს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შეხვდნენ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე.

„ამ კუთხით განსაკუთრებით გაესვა ხაზი საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მეტად პროპორციული სისტემით. აღინიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]