weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენმ ზუგდიდის საოლქო კომისიას არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებს

23:58 სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი გამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან კედლის სიები და საარჩევნო ინვენტარი კანონდარღვევით გაჰქონდათ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა კვარაცხელიას თქმით, საარჩევნო უბნები 30 სექტემბერს იხსნება და ინვენტარის დარიგებაც ხვალიდან უნდა დაიწყოს. მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული და უკვე დაწყებულია არჩევნების გაყალბება.

„ოლქი გვიმტკიცებს, რომ ესენი არჩეული კომისიის წევრები არიან, მაგრამ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პირველი შეკრების დღიდან. პირველი შეკრების დღე არის ხვალ. ხვალ იხსნება უბნები და შესაბამისად, ინვენტარი მიდის სახლში, არაუფლებამოსილ პირებთან. განგვიმარტონ, ვინ არის ეს ხალხი, ვის აძლევენ ამ ინვენტარს, ვის აძლევენ კედლის სიას და რომელი ინსტრუქციით, კანონის რომელი დადგენილებით ხელმძღვანელობს საოლქო საარჩევნო კომისია“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობა კვარაცხელიამ.

საოლქო საარჩევნო კომისიაში სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც კომისიის შენობასთან პოლიცია იყო მობილიზებული.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, ზაზა ხვიტიამ განმარტა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს: „ალბათ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაწერს საჩივარს. სიები საარჩევნო უბნებში მიდის. კომისიის წევრებს მიაქვთ ეს სია და მიღება-ჩაბარების აქტი გადაეცემა შემდგომში კომისიის თავმჯდომარეს. საარჩევნო უბნები არსებობს, იურიდიულად საარჩევნო კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, საზღვრები დაზუსტებულია“, - განაცხადა  ზაზა ხვიტიამ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ. ცესკოს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან პანდემიის პირობებში პირველი სხდომების ორგანიზებისთვის საჭირო ინვენტარი გაიტანონ.

„პარტიის წარმომადგენლები საღამოს განმავლობაში ბლოკავდნენ საოლქო კომისიის შესასვლელს, აჭარბებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ უშვებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რითაც მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს საარჩევნო პროცესს.

ხვალ, 30 სექტემბერს ასევე იგეგმება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე იმ კამპანიური ხასიათის ზეწოლა, რომელიც დაიწყო ცესკოსთან 28 სექტემბერს და დღეს უკვე გაგრძელდა მთაწმინდის და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებთან.

საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას იმისათვის, რომ არ დაუშვას ზეწოლა საკუთარ თანამშრომლებზე“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცესკო მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, „დააკვირდნენ კამპანიური ხასიათის ზეწოლის ფაქტებს, რითაც ხელი ეშლება საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობების განხორციელებაში“.

საუბნო საარჩევნო კომისების დაკომპლექტების პროცესი მოხვდა „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისების დაკომპლექტების პროცესი მეტწილად ფორმალური იყო და ახალარჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილში იკვეთება მმართველ პარტიასთან კავშირი. ზოგიერთი წევრის ახლობელი, ოჯახის წევრი პარტიის აქტივისტი ან კოორდინატორია. საუბნო კომისიაში არჩეულთა შორის მოხვდნენ საჯარო მოხელეები, მერიის ან საკრებულოების, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, რაც მათ მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვს აჩენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]