weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს

01:32 ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020
ფოტოზე - ჯეიჰუნ მუჰამედალი ფოტოზე - ჯეიჰუნ მუჰამედალი

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ 29 სექტემბერს, მარნეულში, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხმაურება და მთავრობას ამ პროფესიის წარმომადგენლების დაცვისკენ, ასევე უკვე მომხდარი ძალადობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ შემთხვევის გადასაღებად მისულ გადამღებ ჯგუფებსაც. თანამშრომლების დაზიანების შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მარნეულში თავს დაესხნენ მათ ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს. ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია „მთავარი არხის“ კამერა და მიკროფონი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით კი, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ ოპერატორს და დაამტვრიეს გადამღები ჯგუფის კამერა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებს. მიგვაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვნად შეამცირებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიისათვის გაზრდილ საფრთხეებს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის ჯეიჰუნ მუჰამედალის თქმით, მას ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც „ქართული ოცნების“ შტაბთან მივიდა, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან ინტერვიუს ჩაწერას აპირებდა.  

„მივედი შტაბთან. კიბეებზე ასვლას ვაპირებდი. კითხვას დავუსვამ, ბატონი ამირანი აქ არის თუ არა-მეთქი და ერთი ეს მახსოვს, რომ ბრბო წამოწია ჩემსკენ, ათზე მეტი ადამიანი იყო, ყვირილი დაიწყეს და ოპერატორს დაარტყეს. ამის მერე ეგ მახსოვს, რომ ძირს ვეგდე. შემდეგ ავდექი, წამოვედი და დაახლოებით 20 მეტრში უკვე ვერ ვიდექი ფეხზე, პოლიციელებთან დავეცი“, - ამბობს ჟურნალისტი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]