weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

არაა გამორიცხული, გაჩნდეს კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებზე – ზალკალიანი გარეჯზე

22:31 ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, როდესაც საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა, მასთან შეხვედრისას გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც განიხილეს. ზალკალიანის თქმით, ქართულ მხარეს მყარი არგუმენტები გაუჩნდა და ამ არგუმენტებით ისაუბრებენ, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი კომისიის ფარგლებში მოლაპარაკებები განახლდება.

„განვიხილეთ გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, რომელიც მემკვიდრეობით აგერ უკვე 25 წელია მოგვდევს და ვერ გადაწყდა ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით. ბუნებრივია, შევეცადე ვყოფილიყავი ძალიან ზუსტი შეფასებებში და ეს საკითხი არ ყოფილიყო გამოყენებული შემდგომი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე, სენსიტიური საკითხია ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ამიტომ, პრესკონფერენციაზე ჩემს მიერ გაჟღერებული თემატიკა, ეხებოდა საქართველოს მზაობას, დაუყოვნებლივ განახლდეს მოლაპარაკებები კომისიის ფარგლებში. კომისია მთლიანად ახალი შემადგენლობისაა და ჩვენ მზად ვიყავით, ახალი რაუნდები ჩაგვეტარებინა, მაგრამ პანდემიამ არ მოგვცა ამის საშუალება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, კომისიაში ჩართული ყველა უწყება ყოველდღიურად მუშაობდა, მოძიებულ იქნა კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები. 

„მე პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მივიღეთ დეზინფორმაციის ნიაღვარი ოპოზიციური პარტიების მხრიდან პირადად ჩემს მიმართ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან მე ვმოქმედებდი როგორც სახელმწიფო მოხელე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ეს გამოიყენეს თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და მოახდინეს ამ ძალიან დელიკატური, მნიშვნელოვანი პროცესის პოლიტიზება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის წარმოქმნას წინ უსწრებდა მისი შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან და ოპონენტებმა ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებაც სცადეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ისინი მოქმედებენ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და იმ მიზნით, რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, მაგრამ მერწმუნეთ, კომისიის ფარგლებში საუბარი აუცილებლად გაგრძელდება. კომისიებმა ეს უნდა შეათანხმონ. რა თქმა უნდა, 

ჩვენ გაგვიჩნდა ჩვენი მყარი არგუმენტები და ამ არგუმენტებით ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, ორმხრივად მისაღებ ფორმებში და ჩარჩოებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

გამოძიების დაწყებას საქრთველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილის გამოეხმაურა. მისი თქმით, გამოძიების დაწყება ხელისუფლების მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა.

„ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების, შემდეგ აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს, 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება „ფსბ“-ს პროპაგანდისტების თუ ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის, და მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო და მისი მმართველობის დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ყველა შეხვედრაზე აყენებდა საზღვრის დელიმიტაციის საკითხს, რათა „დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]