სხდომა დღეს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა.
„ვიმსჯელეთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითერებულ პროცესებზე და რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე. ასევე, განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ის რისკები, რაც უსაფრთხოების მიმართულებით იკვეთება.
მინდა გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოს, თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები თითქოს, საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან.
ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი“, – განაცხადა ლილუაშვილმა,
სუს-ის უფროსის თქმით, ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.