weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბოლნისის სოფელ ნახიდურში პოლიციას ენმ-ის აქტივისტის დაკავების საშუალება არ მისცეს

12:09 კვირა, 04 ოქტომბერი 2020
ფოტოზე არიფ იუსუფოვი / საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო ფოტოზე არიფ იუსუფოვი / საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში გუშინ, 3 ოქტომბერს, საღამოს, პოლიციელებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, არიფ იუსუფოვის დაკავება მისი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იუსუფოვმა 27 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ იძალადა და მის დასაკავებლად სამართალდამცველებს სასამართლოს განჩინება ჰქონდათ.

როგორც ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, ისინი შიშობდნენ, რომ იუსუფოვს ნარკოტიკულ საშუალებას ჩაუდებდნენ, რის გამოც პოლიციას მისი დაკავების საშუალება არ მისცეს. გარდა ამისა, ოჯახი მიიჩნევს, რომ ის თავად არის 27 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული. გვიან ღამით არიფ იუსუფოვი თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში და ამ დროისთვის წინასწარ დაკავების იზოლატორში იმყოფება. ნახიდურის მცხოვრებლების ნაწილი მის გათავისუფლებას ითხოვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის - 1986 წელს დაბადებული ა.ი.-ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ.

მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების - გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება“, – აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, 3 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში, „ქართული ოცნებისა“ და „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ აქტივისტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირება ჩაიხანაში დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის ბოლნისის, დმანისას, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის, კახა ოქრიაშივილის განცხადებით, დაახლოებით 50 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა არიფ იუსუფოვს. ოქრიაშვილის თქმით, ჩხუბში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა, გოჩა მეშველიანიც.

„გოჩა მეშველიანმა რამდენჯერმე ისროლა ჰაერში დაშინების მიზნით. ეს არის ბანდიტიზმი, მოსახლეობის დაშინების მცდელობა, წინასაარჩევნოდ მოსახლეობის ნების შეცვლა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

„ქართული ოცნება“ და გოგი მეშველიანი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. მეშველიანის განცხადებით, თავდასხმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე განორციელდა, რის შედეგადაც, ორმა აქტივისტმა ტვინის შერყევა მიიღო, ერთ-ერთი კი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა.

„ჩვენი მულტიეთნიკური ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ როგორც აზერბაიჯანელი, ისე ქართველი აქტივისტები, სოფელ ნახიდურში აგიტაციას ეწეოდა. როდესაც ისინი ჩაიხანაში ჩაის დასალევად შევიდნენ, მოულოდნელად, მიპარვით განხორციელდა თავდასხმა. ჩვენი სხვა აქტივისტების დახმარებით მოხდა მათი განრიდება პროვოკაციისგან. როდესაც შტაბში დაბრუნდნენ, მოხდა განმეორებით თავდასხმა ხელკეტებისა და ქვების გამოყენებით, რა დროსაც დაშავდნენ ჩვენი აქტივისტები.

ამ ყველაფერს ვუკავშირებ ორი დღის წინანდელ მუქარას, როდესაც ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს - ხაიან მისაევს დღევანდელ ინციდენტში მონაწილე მთავარი პირი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი არიფ იუსუფოვი დაემუქრა ანგარიშსწორებით, თუ ის გააგრძელებდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აგიტაციას“, – განაცხადა მეშველიანმა.

რაც შეეხება ინციდენტში მისი ძმის მონაწილეობას, გოგი მეშველიანის თქმით, გოჩა მეშველიანი ჩაიხანაში დაწყებული ინცინდენტის დროს შტაბში იმყოფებოდა: „მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ის მივიდა ინცინდენტის ადგილზე და სწორედ მისი მეშვეობით მოხდა მხარეების დაშორიშორება და უკან შტაბში დაბრუნება“.

27 სექტემბრის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“. EMC-ის მიერ გამოკითხული ადგილობრივი თემის წევრები განმარტავენ, რომ 27 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის გოგა მიშველიანის ძმასთან ერთად, 30-ზე მეტი ხელკეტებიანი პირი მივიდა ადგილობრივ ჩაიხანაში და გარკვეული შელაპარაკების შემდეგ, მათ ძალადობას მიმართეს, დააზიანეს ჩაიხანის ინფრასტრუქტურა და ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გაისროლეს, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. EMC-ის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად ასევე დაშავდნენ სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც პარტიულ საქმიანობაში არ არიან ჩართულნი და თავს არ მოიაზრებენ რომელიმე პარტიის მხარდამჭერებად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]