weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სტრატეგია აღმაშენებლი“, რომელიც ჯარიმებს აპროტესტებდა, თბილისის მერიამ ისევ დააჯარიმა

17:32 ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020
ფოტოზე გიორგი ვაშაძე ფოტოზე გიორგი ვაშაძე

თბილისის მერიამ კიდევ 1000 ლარით დააჯარიმა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლის წევრები დღეს მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და მათთვის უკვე დაკისრებული ჯარიმების გაუქმება მოითხოვეს. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, პარტიამ მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით დაჯარიმდა, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას. აღნიშნული სამართალდარღვევა იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

„სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა მერიასთან აქცია გამართეს და პარტიის დაახლოებით 100 000 ლარით დაჯარიმება გააპროტესტეს. ისინი მერიაში, მოქალაქეთა მისაღებში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს. აქციაზე პარტიის ოთხი წევრი, მათ შორის გენერალური მდივანი და პროპორციული საარჩევნო სიის მესამე ნომერი, პაატა მანჯგალაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოგვიანებით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მის თანაგუნდელებს სურდათ მერიაში წარედგინათ ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით განცხადება და პლაკატი წარწერით „ჯარიმა კახა კალაძეს“.

„ჩვენ ვითხოვთ 36%-იანი სესხის ჩამოწერას პენსიონერებისთვის. ამისთვის შევაგროვეთ 80 ათასი ხელმოწერა. როდესაც ჩვენი თანაგუნდელები ქუჩაში, კარვებში ხელმოწერებს აგროვებდნენ, ამათ დისტანციურად, პარტიის სახელზე გამოწერეს ჯარიმები. ოფისში მოგვდის ჯარიმები. ვითხოვთ ამ ჯარიმების მოხსნას და სიმბოლურად ჯარიმას ვუწესებთ კახა კალაძეს, რომელიც იცავს საბანკო მონოპოლიას. დააკავეს იმუნიტეტის მქონე ადამიანები ჩვენი პარტიული სიიდან, რაც არის კანონსაწინააღმდეგო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]