weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს – საქართველოს ელჩი დანიაში

23:01 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020
ფოტოზე - გიგი გიგიაძე ფოტოზე - გიგი გიგიაძე

საქართველოს ელჩი დანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე მხარდაჭერას უცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს. პროკურატურა მელაშვილს, რომელიც საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის წევრი იყო, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში სდებს ბრალს.

გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ ივერი მელაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. 

წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში. 

ივერი მელაშვილთან ერთად დღეს სამთავრობო კომისიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი - ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის განცხადებთ, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. 

„რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით“, – განაცხადეს პროკურატურაში.

დაკავებამდე, ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, ივერი მელაშვილმა გამოძიებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა და რუკასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ჩემი გადმოსახედიდან გამოძიება მიმდინარეობს უსაზიზღრესი მუხლით, შესაბამისად, ალბათ ვიტყოდი, რომ თუ ეს ყველაფერი მიმართულია სიმართლის დადგენისთვის, მაშინ არც შესაბამისი, სწორი დრო იქნა შერჩეული და არც აუდიტორია. ეს რუკა და მისი საფუძვლიანობა ცალკე საკითხია. რამდენიმე განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი აპელირებს, რომ, ვითომ ეს რუკა აღმოჩენაა და ამ რუკით რომ გვეხელმძღვანელა, რაღაცას მოვიგებდით. სრული აბსურდია იმიტომ, რომ ამ რუკას ჯერ კიდევ 96-97 წლებში ჩაუტარდა ანალიზი და უარი ვთქვით მის გამოყენებაზე იმის გამო, რომ შესაბამისობაში არ არის, ანუ ზედ უამრავი ისეთი რამ არის - ვთქვათ, წერტილი წერტილს არ ემთხვევა, რკინიგზა რკინიგზას, სხვა მახასიათებლებს შორისაც არის სხვაობა რომ შეადარო სხვა რუკას. ისეთი სხვაობაა, რომელიც საფუძველს გაძლევს თქვა - ამ რუკის არგუმენტად, მით უმეტეს, მთავარ არგუმენტად გამოყენება საზიანო და მიუღებალია“.

 

ამ თემაზე:

ელჩს უნდა დაერეკა და ეკითხა, რასთან გვაქვს საქმე – ზალკალიანი გიგი გიგიაძის განცხადებაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]