weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ციხე ვერ გამტეხს, ამ ბრალდებას არ შევეგუები - პატიმრობა მელაშვილს და ილიჩოვას

11:07 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020

„არ ვაპირებ ამ ბინძური ბრალდებით ვიარო. სხვისთვის ეს შეიძლება არაფერი იყოს, თუნდაც პროკურორისთვის - გაისროლა ბრალდება და მოარტყა. რატომ, ხალხო? გავა ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში? როგორ, რანაირად? მე ვერც ციხე ვერ გამტეხს, ჩამსვით, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები, ჩემს უკან ოჯახია, დედ-მამა, წინაპრები და ის, რომ ქართველი ვარ“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიის ყოფილმა წევრმა, თბილისის სასაქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, სადაც მას და „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა. პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. მისივე თქმით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რითაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე წარმოიქმნა, რის გამოც, ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ადვოკატები სასამართლო სხდომის თუნდაც ერთი დღით გადადებას ითხოვდნენ იმ მოტივით, რომ საქმის მასალები პროცესამდე 1.5 საათით ადრე გადაეცათ და 7 ტომის გასაცნობად საკმარისი დრო არ ჰქონდათ. ისინი არ დაეთანხმნენ პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესზე მელაშვილმა და ილიჩოვამ განაცხადეს, რომ უდანაშაულოები არიან. ივერი მელაშვილის თქმით, გამოძიება არჩევნებს უკავშირდება.

„აიღო ერთმა დილეტანტმა რუკა, რომლის წაკითხვა კარგად, თავიდან ბოლომდე არ იცის, არ იცის მისი შინაარსი და დაადო მეორეს, აღმოაჩინა თავის ჭკუაში, რომ ვითომ ეს ხაზი რადგან არსებობს, არიქა და ფართობი დავკარგეთ. ნურას უკაცრავად!

ბერი გამოძიებას ამას ეუბნება და ის იღებს მტკიცებულებად იმისა, რომ აი, მელაშვილმა რაღაც ჩაიდინა. ბერ კირიონს ჰგონია, რომ რაღაც იცის. სინამდვილე კი ის არის, რომ ბერ კირიონთან და მის ბრალდებასთან ერთად საქართველოს საქმეს აფუჭებთ, ხალხო.

მეორე ქვეყანას აძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგადანაშაულოთ გინდაც რაღაც მიწის მითვისებაში, მაშინ როდესაც, პირიქით, სახეგამართულები ვიყავით. ბერი კირიონის და კიდევ ორი-სამი პროვოკატორის ის არის, რომ აღარ ვართ კომისიის წევრები არც მე და არც ნატალია. რა მოხდას ამის შემდეგ? წელიწად-ნახევარია უკვე და კომისიამ მიაღწია რაიმეს? აჩვენეს ეს რუკა? აჩვენეს და კი, ბატონო, ჩვენც გაჩვენებთ მაგისთანა რუკებს რამდენსაც გინდათო“, - აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

ნატალია ილიჩოვას განცხადებით, რუკა, რომელზეც პროკურატურა საუბრობს, სრულყოფილი არ არის.

„შეგიძლიათ შეადაროთ ძველი რუკა და ახალი თანამედროვე რუკა. იქ იმ დატანილ წერტილს ვერ ნახავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რუკები არ არის სრულყოფილი. ჩვენ გვაქვს კიდევ სრულყოფილი რუკები, ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1938 წლის დადგენილებით. გვაქვს უკეთესი ვარიანტები რუკების, არის უფრო ზუსტი და უფრო უკეთესად არის დატანილი საზღვრები. დღეს როდესაც სპეციალურ პროგრამაში ზრდი თანამედროვე რუკის მასშტაბს და საუბრობ, რომ აქ რაღაცა იკარგება, ეს არაკორექტულია, სულ მცირე. რაც შეეხება იმას, რომ დაიკარგა, ეს ნამდვილად მე გავაკეთე, თუ ვარაუდია? მე და ივერიმ მთელი საზღვარი ფეხით მოვიარეთ, ჩვენ ვიარეთ ქედები, მდინარეები და ყველა რელიეფი ვიცით. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ამ პროცესისას რუკების შედარება შეიძლება მაგიდასთან, მაგრამ წადით საზღვართან და შეადარეთ რამდენად სწორია ეს რუკები“, – თქვა ილიჩოვამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელება ედებათ ბრალად. გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის მტკიცებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

საქმეში დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის ჩვენებაც არის. როგორც პროკურორმა თქვა, სასულიერო პირმა გამოკითხვის დროს დაადასტურა, რომ „როცა საქართველოს და აზერბაიჯანის რუკის ალბომების გაცვლა ხდებოდა, სადაც საქართველოს პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული“.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას გამოეხმაურა 14 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათი შეფასებით, პროკურატურაში დაწყებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ შეფასების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ გამოძიება წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და საქმე საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემას ეხება.

„საყურადღებოა აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის კერების გაღვივება, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]