weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მილიონერი, სპორტსმენი, მწერალი - რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატები

12:42 ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2020

31 ოქტომბერს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მცხოვრებლებმა არჩევანი 9 მაჟორიტარ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ და გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი მაჟორიტარი - მილიონერი, ყოფილი სპორტსმენი, მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი თუ სხვა.

გოჩა ენუქიძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

გოჩა ენუქიძის წარსადგენად გუშინ მესტიაში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე. გოჩა ენუქიძემ სიტყვით გამოსვლისას ბორძიკით წაიკითხა ფურცელზე დაწერილი რამდენიმე სტრიქონი, სადაც ძირითადი ყურადღება სვანეთში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა.

მილიონერი გოჩა ენუქიძე სამი მოწვევის „მუდმივი“ პარლამენტარია. 12 წლის მანძილზე იგი საკანონმდებლო ინიციატივებით არ გამოირჩეოდა. ორი მოწვევის პარლამენტში მუშაობისას გოჩა ენუქიძე სიტყვით ერთადერთხელ გამოვიდა და ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონისთვის“ შექმნის მიზნებზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო.

მის მფლობელობაში მყოფი „იბერკომპანი“ ბოლო 8 წლის მანძილზე უპრობლემოდ იგებდა ტენდერებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე „იბერკომპანიმ“ გამარტივებული წესით მოგებული ტენდერებიდან 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. საქმიანობის ძირითადი სფერო ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაა.

გოჩა ენუქიძის, 2020 წელს შევსებული დეკლარაცია 25 გვერდიანია. ის და მისი ოჯახი ფლობენ 20-ზე მეტ ბინას, აგარაკსა და მიწის ნაკვეთს თბილისში, წყნეთში, საგურამოში, ამბროლაურსა და ბორჯომში. დეპუტატი 2009 წლიდან აგროვებს ფასიან ქაღალდებს და ფლობს აქციებს „ლიბერთი ბანკში“, საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი“-ში. მას 600 000 ლარზე მეტი შენახული აქვს ანაბრებზე, უმეტესწილად დოლარსა და ევროში.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ გოჩა ენუქიძე რამდენიმე კომპანიის მფლობელია, მაგრამ სამეწარმეო საქმიანობას თავად არ ეწევა. იგი არის „იბერკომპანის“ 100%-იანი წილის მფლობელი, თავის მხრივ „იბერკომპანი“ 50%-იან წილს ფლობს „არქი რივერსაიდში“. გოჩა ენუქიძე არის „არქი თაუერის“ 25%-იანი პარტნიორი. დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ 20-ზე მეტ შპს-ს რომელთა საქმიანობის სფეროებია - მშენებლობა, დეველოპმენტი, ჰესები, ავტოგასამართი სადგურები, გაზმომარაგება, მეღვინეობა და მევენახეობა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, გოჩა ენუქიძე მილიონერი დეპუტატების ათეულშია და მისი ქონება 5 000 000-ს აჭარბებს. „სტუდია მონისტორის“ მოკვლევით, პარლამენტარს დღემდე შეუსრულებელი აქვს 4 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულება. 6 წლის წინ, თბილისის ცენტრში, მთავრობამ მას 3 526 კვ.მ. მიწის ფართობი გადასცა. დეპუტატს, 2015 წელს უნდა გადაეხადა საპრივატიზაციო თანხა - 800 000 ლარი, 2018 წლამდე კი 4 000 000 ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. ამ დრომდე არც კომპლექსი აშენებულა და შეუსრულებელი სამუშაოების გამო დაკისრებული პირსაგამტეხლოც არავის გადაუხდია.

საქართველოში კოვიდ 19-ის დაწყებასთან ერთად, მის მაჟორიტარულ ოლქში გოჩა ენუქიძე კარდაკარ ურიგებდა მოსახლეობას სასურსათო და სამედიცინო პაკეტებს. IDFI-ს კვლევით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ბიუჯეტის ხარჯზე გოჩა ენუქიძემ უფრო მეტი საწვავი დახარჯა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში. მისი მონდომებული აქტიურობა მხედველობიდან არ გამორჩენია კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED), რომლის ანგარიშითაც და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ასეთი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა.

„მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე სისტემატურად აწყობს ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს მოსახლეობას. სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება დეპუტატის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით, ისევე როგორც, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიცილური „ფეისბუქ“ გვერდებით. ხშირად, მაჟორიტარი დეპუტატი, უშუალოდ არის ჩართული საქველმოქმედო აქციებში“ - აღნიშნულია ISFED-ს წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში.

გოჩა ენუქიძის „ფეისბუქ“ გვერდი, რომელსაც ბოლო 5 წლის მანძილზე 19 400-ზე მეტი მოწონება დაუგროვდა, ძირითადად შემოიფარგლება საქველმოქმედო აქტივობებით, რელიგიური დღესასწაულების მილოცვებითა და „ქართული ოცნების“ პიარ-საიმიჯო ინფორმაციით, რასაც სინამდვილეში მინიმალური შეხება აქვს კანონით განსაზღვრულ სადეპუტატო საქმიანობასთან.

დილარ ხაბულიანი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“

„ფეისბუქზე“ ნაკლებად აქტიურია დილარ ხაბულიანი. ამ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა 15 სექტემბრიდან დღემდე 300-ზე მეტი მოწონება დააგროვა. მეშვიდე მოწვევის პარლამენტში (2008-2012 წლები) ხაბულიანი და ენუქიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ, ორივე მაჟორიტარებად - პირველი კრწანისის, ხოლო მეორე ამბროლაურის ოლქიდან. წლების მანძილზე არცერთი გამოირჩეოდა აქტიური საპარლამენტო საქმიანობით.

დილარ ხაბულიანი მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო და ამაყობს იმით, რომ 1991 წელს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

წარმატებები თუ სკანდალები მის სპორტულ კარიერას და პარტიულ პოლიტიკურ წარსულს უკავშირდება. 1992 წლიდან საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ხელმძღვანელობდა. ამავე წელს, ბარსელონაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დავით ხახალეიშვილი, 2004 წელს ათენში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ოქრო აიღო ზურაბ ზვიადაურმა. 2006 წელს, საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში, პირველად ისტორიაში მოიპოვა საუკეთესო გუნდის წოდება და ა.შ. იმავდროულად, 2006 წელს, მთავარმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა დილარ ხაბულიანი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაშვებაში დაადანაშაულა. 2010 წელს დილარ ხაბულიანი თანამდებობიდან გადადგა და მიზეზად ძიუდოს ფედერაციაში არსებული არაჯანსაღი მდგომარეობა დაასახელა.

2012 წელს, სადეპუტატო ვადის ამოწურვის შემდეგ, ხაბულიანი პოლიტიკაში აქამდე აღარ გამოჩენილა. მისი დეკლარაციის მიხედვით, აქვს ბინა თბილისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით კი მიწის ნაკვეთები ლენტეხში და სასტუმრო „სვანეთი“ მესტიაში.

სოსო ლიპარტელიანი - „ლელო საქართველოსთვის“

სოსო ლიპარტელიანს, დილარ ხაბულიანის მსგავსად, სპორტული წარსული აქვს. ამჟამად, სამბოს ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პირველი სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს სახელით ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

როგორც ჩანს, სოსო ლიპარტელიანმა „ლელოს“ დამფუძნებლების ყურადღება არამხოლოდ სპორტული კარიერით მიიპყრო. იგი იმ საშუალო ფენის წარმომადგენელია, რომლის შექმნასაც ბანკირი პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძე ამომრჩეველს ჰპირდება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სოსო ლიპარტელიანის სახელზე ფიქსირდება 3 ნაკვეთი და რამდენიმე ბინა დედაქალაქში.

„ლელომ“ სოსო ლიპარტელიანი არამხოლოდ მაჟორიტარად წარადგინა, არამედ პარტიულ პროპორციულ სიაში 29-ე ადგილზეც ჩასვა. ამჟამად, ლიპარტელიანი რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მოსახლეობას თავის თავს აცნობს კარდაკარ სიარულით და შეხვედრის ფოტოებს აქტიურად აზიარებს „ფეისბუქ“ გვერდზე, რომელსაც ამ დროისთვის 600-მდე მოწონება აქვს.

ერეკლე საღლიანი - „საქართველოს პატრიოტთა“ ალიანსი

მწერალი, მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადაცემა „კულტურის საათის“ ავტორი ერეკლე საღლიანი, მისი სატელევიზიო მოღვაწეობის 7 წლის თავზე „პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარობის კანდიდატად კიდევ ერთხელ წარადგინა.

მაშინ როცა თავის საავტორო გადაცემებში ერეკლე საღლიანი სუფთა ცაზე, ბედნიერ ოჯახსა და ბედნიერ სამშობლოზე საუბრობს, „ობიექტივს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ სხვადასხვა კვლევებში (MDF, ISFED, TI) მოიხსენიებენ, როგორც ორგანიზაციებს, რომლებიც გამოირჩევიან სიძულვილის ენით, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით და ანტიდასავლური პროპაგანდით.

მესტიაში დაბადებული, 65 წლის ერეკლე საღლიანი მთელი ცხოვრება სვანურ ქუდს ატარებს. დაახლოებით 10 000 გამომწერი ჰყავს მის „ფეისბუქ“ გვერდს, ამომრჩეველს კი იგი ახსენდება არა პოლიტიკიდან, არამედ ქართული მხატვრული ფილმიდან „მაიტა ნასოსი“. პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევა, პირველად ერეკლე საღლიანმა 2016 წელს სცადა, როცა კენჭს იყრიდა ახმეტა-თელავის საარჩევნო ოლქში და დიდი უპირატესობით დამარცხდა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან გელა სამხარაულთან.

ერეკლე საღლიანს დეკლარაცია არასდროს შეუვსია. უძრავი ქონების რეესტრში განთავსებული ინფორმაციით, ფლობს 723 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და 57 კვ.მ. ფართის ბინას თბილისში. 

პაატა მაცაბერიძე - „თავისუფალი საქართველო“

არასამთავრობო სექტორიდან დიდ პოლიტიკაში გადასვლას ლამობს პაატა მაცაბერიძე და თავისი NGO-ს საშუალებით ცდილობს პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვას. ამის დასადასტურებლად, უკვე წლებია „ფეისბუქზე“ ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე ოჯახს დაეხმარა.

მას შემდეგ, რაც კახა კუკავამ იგი მაჟორიტარად წარადგინა, აქტივისტი მაცაბერიძე წინასაარჩევნო ფერხულში ჩაერთო: რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მოსახლეობას „ოქროს ხანას“ ჰპირდება, რასაც „ტყის სანიტარული ჭრით“ გეგმავს. აპროტესტებს 105 მეტრიანი ნამოხვანჰესის კაშხალის მშენებლობას, 2 ოქტომბრის დილით კი ამბროლაურის საკრებულოს სხდომაზეც აღმოჩნდა და უშუალოდ ადგილიდან სცადა ყურადღების მიქცევა.

მე-19 მაჟორიტარული ოლქის 44 110 ამომრჩევლის ხმის მოგებას ასევე შეეცდებიან „ევროპული საქართველოდან“ გოჩა გურგუჩიანი, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, პარტია „თეთრებიდან“ - იური ბელაშვილი, „ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანიდან“ - გიორგი ზურაბიანი და ამ ოლქში ერთადერთი ქალი კანდიდატი მარია არსენიშვილი „შეცვალე საქართველოდან“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები პროპორციული სისტემით 120/30 ჩატარდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]