weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო – ეთიკის ქარტია

09:33 სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ აღნიშნული შემთხვევა შეისწავლოს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.

„აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, იფიქრონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები.

ქარტია მნიშვნელოვნად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

გამოცემა „ბათუმელებმა“ 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, მათ ჟურნალისტს აგინებს. გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი იმ დროს არის გაკეთებული, როცა გამოცემა მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დაუკავშირდა. ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდებოდა ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

„რეგინფო“ დაუკავშირდა ჯუმბერ ვარდმანიძეს. მან მხოლოდ ის გვითხრა, ამ საკითხზე განცხადებას ვებ-გვერდზე გაავრცელებდა.

„გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და მედიის წარმომადგენლის, „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ გამონათქვამებს. ჩემი გაღიზიანება გამოიწვია არასწორმა და ღირსების შემლახველმა ინფორმაციამ, რომელიც ვრცელდებოდა ჩემს შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს მომხდარის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მერის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

„ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ჩანაწერი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]